აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია (1925)

აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია (აფხ. Аԥснытәи Советтә Социалисттә Республика Аконституциа; 1 აპრილი6 ივლისი, 1925) — აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე მიღებული, არაქმედითუნარიანი ძირითადი კანონის „პროექტი“.

ისტორია რედაქტირება

1925 წლის 1 აპრილს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე ს. ჭანბამ წარმოადგინა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია დასამტკიცებლად. მისი სიტყვებით „აფხაზეთის კონსტიტუციის შექმნისას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის კონსტიტუციით. წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი შემუშავდა აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის მიერ და განხილული იყო სახკომსაბჭოსა და საოლქო კომიტეტის მიერ, და, რომ ის მოყვანილი იყო სსრკ-ის, ასფსრ-სა და საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციებთან შესაბამისობაში“. შემდეგ ჭანბამ სხდომის წინაშე წაიკითხა კონსტიტუცია და დასძინა, რომ საბჭოების ყრილობას მისი მიღება ყველანაირი განხილვის გარეშე შეეძლო, რადგანაც მისი ცაკში შედგენისას ის უკვე დეტალებში იყო განხილული სახკომსაბჭოსა და საოლქო კომიტეტის მიერ. მართლაც, წარდგენის შემდეგ, ყრილობამ ყველანაირი განხილვის გარეშე დაამტკიცა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია[კ 1].

რადგანა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუციაზე შედგენისას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის კონსტიტუციით, ამ მიზეზის გამო ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს, ამიერკავკასიისა და სსრ კავშირის კონსტიტუციებს და არ ითვალისწინებდა საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას. სოხუმში მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ რესპუბლიკად; მასში დეკლარირებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციიდან და სსრ კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება; სახელმწიფო ენად რუსული დგინდებოდა[1]. ნ. ლაკობამ დოკუმენტს სულ მალე „კონსტიტუციური სისულელე“ უწოდა[2]. კონსტიტუციაში იგნორირებული იყო განსაკუთრებული ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისა და მხოლოდ მისი მეშვეობით (და არა ნებაყოფლობით) ამიერკავკასიის ფედერაციაში, ამ უკანასკნელის მეშვეობით კი სსრ კავშირში გაერთიანების ფაქტი. გამომდინარე აქედან, ის ვერანაირად ვერ იქნებოდა სუვერენული რესპუბლიკა, ვერ გავიდოდა ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ვინაიდან არ იყო მათი სუბიექტი; სახელმწიფო ენად არა აფხაზურის, არამედ უცხო ენის გამოცხადებაც არ მიუთითებდა აფხაზეთის სუვერენიტეტზე.

1925 წლის კონსტიტუციამ თავისი მოკლე არსებობის მანძილზე ვერ შეასრულა რესპუბლიკაში ძირითადი კანონის ფუნქცია. ის დაწუნებულ იქნა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მიერ, რომელმაც მოითხოვა აფხაზეთის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა[3], შესაბამისად, ძალაში არ შესულა. უფრო მეტიც, საბჭოების III ყრილობის ბიულეტენში, რომელიც აფხაზეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) გამოსცა, ნათქვამია: „ყრილობამ გადაწყვიტა, დასრულდეს მუშაობა ყრილობისათვის წარდგენილ პროექტზე, მოყვანილ იქნეს იგი შესაბამისობაში საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ კონსტიტუციებთან“[4]. ამრიგად, აფხაზეთის ცაკმა 1925 წ. 1 აპრილს ნამდვილად მიღებული კონსტიტუცია, რომელიც არსად განხილულა და არ გამოქვეყნებულა, აღიარა მხოლოდ პროექტად.

აფხაზეთის კონსტიტუციის საკითხი 1925 წლის 6 და 31 ივლისს განიხილეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში[5]. იმავე წლის 11 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიურომ ცაკ-ს და მთავრობას დაავალა აფხაზეთის კონსტიტუციის იმ მუხლების გადასინჯვა, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდნენ, აგრეთვე კონსტიტუციის ახალი პროექტის მომზადება. საკონსტიტუციო კომისიამ ნ. ლაკობას ხელმძღვანელობით მოკლე ვადაში მოამზადა აფხაზეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი და 1925 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს სამდივნოს წარუდგინა დასამტკიცებლად. სამდივნომ პროექტი მოიწონა. ცვლილებები შეეხებოდა „სუვერენიტეტისა“ და სახელმწიფო ენის (ენების) საკითხებს. ახალი პროექტით აფხაზეთის ხელისუფლების დამოუკიდებლობა იზღუდებოდა არა მხოლოდ ამიერკავკასიისა და სსრ კავშირის კონსტიტუციებით, არამედ საქართველოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობებითაც. სახელმწიფო ენებად ცხადდებოდა აფხაზური, ქართული და რუსული[6].

საქართველოს ცაკის III სესიამ სოხუმში მიიღო საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუცია; მისი V თავი — „მოკავშირე აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ მთლიანად ეძღვნებოდა საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ შორის ურთიერთობის კონსტიტუციური წესით დარეგულირებას[7]. საქართველოს ძირითადი კანონის ეს ნაწილი (V თავი) უცვლელად შევიდა საბჭოთა აფხაზეთის ფაქტობრივად პირველ კონსტიტუციაში და შეადგინა მისი მეორე თავი. 1926 წლის 27 ოქტომბერს იგი მიიღო აფხაზეთის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) III სესიამ[8] და საბოლოოდ დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობამ (1927 წლის 5-10 მარტი). კონსტიტუციაში ორჯერ არის დაფიქსირებული (მუხლები 2 და 17), რომ აფხაზეთის სსრ „განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის“ საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო მისი მეშვეობით — ამიერკავკასიის ფედერაციაში. სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური, ქართული და რუსული (მუხლი 8); თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებას მიჯნავდა 21-ე მუხლი. აფხაზეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, მიწათმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატები (სამინისტროები) მოქმედებდნენ საქართველოს სათანადო კომისარიატებისაგან დამოუკიდებლად; სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო ორმაგ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა; აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლებით (ამის შესახებ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ცაკი იღებდა) შედიოდნენ ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატის რწმუნებულები, რომლებიც საქართველოს შესაბამისი კომისარიატების ორგანოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ პერიოდულად ანგარიშს უდგენდნენ აფხაზეთის ცაკს და მთავრობას; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ საქართველოს ცაკის კოდექსებს, დეკრეტებს და დადგენილებებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ აფხაზეთის სსრ ტერიტორიაზე; კონსტიტუციასთან შეუსაბამო აფხაზეთის საბჭოების ყრილობების, ცაკის სესიებისა და მთავრობის დადგენილებებს აუქმებდა საქართველოს საბჭოების ყრილობა ან ცაკი; 125-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის სსრ ბიუჯეტი მისი დამტკიცების შემდეგ ხდებოდა საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი.

1926 წლის ოქტომბერს აფხაზეთის ცაკის მესამე სესიის დადგენილებით 1925 წლის კონსტიტუციის მაგივრად ახალი კონსტიტუციის ტექსტი გამოქვეყნდა და ხმარებაში ჩაეშვა, რომელიც 1927 წლის 7 მარტს აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობაზე ყველანაირი ცვლილების გარეშე საბოლოოდ იქნა მიღებული და დამტკიცებული. აღნიშულის თაობაზე სიტყვით გამოვიდა ს. ჭანბა. მან ყრილობას მოახსენა, რომ აფხაზეთმა კონსტიტუცია მიიღო საბჭოების III ყრილობაზე, რომელიც ეფუძნებოდა 1921 წლის სსრ აფხაზეთსა და სსრ საქართველოს დროებით მთავრობებს — რევკომებს შორის. მან ასევე დაამატა, რომ პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე აუცილებელი შეიქნა არსებული კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. აფხაზეთის ცაკის III სესიაზე მიღებული იქნა ახალი თავი, სადაც უფრო მეტად იყო დაკონკრეტებული საქართველო აფხაზეთის ურთიერთობანი[9].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1.  
    „УТВЕРЖДЕНИЕ КОНСТИТУЦИИ ССР АБХАЗИИ
    Заседание 1-го апреля
    Утреннее заседание Съезда открывается под председательством т. Кобахия.
    С докладом о конституции Абхазии выступил тов. Чанба.
    — Товарищи, как вы знаете, не одна революция прежде не разрушала существовавших до нее государственных аппаратов и только Октябрьская революция разрушила старый государственный аппарат и на его место воздвигла новое советское государство — советы.
    У нас не было до сих пор конституции и мы руководствовались в нашей работе конституцией РСФСР. Но когда образовалась Закавказская Федерация, то необходимость конституции, на основе чего существует и работает наше правительство сказалось.
    В конституции излагается государственное строительство нашей республики, взаимоотнашения ее в среде других советских республик, основы работы нашего правительства.
    Представляемая сейчас на ваше утверждение конституция ССР Абхазии состовлялась президиумом Цика и долгое время обсуждалась и рассматривалась в Совнаркоме и Областкоме и согласована с конституциями СССР, Закфедерации и Грузии.
    Затем т. Чанба приступил к зачтению конституции.
    Бурные аплодисменты покрыли последные слова т. Чанба.
    — Товарищи, я думаю, вы примите конституцию по ее оглашении, т. к. при ее состовлении в Цике, Совнаркоме и Облаткоме учли все детали.
    — Принемается, пинять, — раздоются голоса с мест.
    Конституция ССР Абхазии принимается единогласно.“
    (газ. «Трудовая Абхазия», №72 (1103), 2 апрель, 1925)

სქოლიო რედაქტირება

  1. Дж. Гамахария, Б. Гогия. დასახელებული ნაშრომი, გვ. 489-490.
  2. Н. А. Лакоба. Статьи и речи. Сухуми, 1987, gv. 177; Дж. Гамахария, Б. Гогия. dasax. naSromi, gv. 491.
  3. პირველად გამქვეყნდა კრებულში: Съезды Советов союзных и автономных советских социалистических республик Закавказья. Сборник документов (1923-1937 гг.), т. 6, М., 1964, გვ. 686-700.
  4. Съезды советов..., t. VI, gv. 673. წყაროდ მითითბულია `Бюллетень III Всеабхазского съезда советов. Изд. АбЦИК, 1925, gv. 10-11.
  5. История Абхазской АССР. Сухуми, 1983, გვ. 197.
  6. Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии, გვ. 25
  7. საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული, გვ. 117-120. კონსტიტუცია საბოლოოდ დაამტკიცა საქართველოს სსრ საბჭოების IV ყრილობამ (1927 წ. 28 მარტი-3 აპრილი).
  8. აფხაზეთის კონსტიტუცია გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 1926 წელს. იხ. Основной закон (Конституция) Советской Социалистической Республики Абхазии. Сухуми, 1926.
  9. газ. «Советская Абхазия», №53 (1620), 9 март, 1927