ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ატომ ეგოიანი (ინგლ. Atom Egoyan; დ. 19 ივლისი, 1960, კაირო, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა) — სომხური წარმოშობის კანადელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. ეგოიანის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარია 1994 წელს გამოსული ფილმი „ეგზოტიკა“ (1994). ფილმი „სახელოვანი მომავალი“ოსკარის“ ორ ნომინაციაში მოხვდა. ეგოიანმა ყველაზე დიდი კომერციული წარმატება 2009 წლის ეროტიკული თრილერით მოიპოვა, სახელწოდებით „ქლოი“.

ატომ ეგოიანი
დაბადების სახელი ატომ ეგოიანი
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1960
კაირო, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
ალმა-მატერი ტორონტოს უნივერსიტეტი
აქტიური 1984-დღემდე
მეუღლე(ები) არსინე ხანჯიანი
შვილ(ებ)ი 1
საიტი http://www.egofilmarts.com/

მისი ფილმების ძირითადი ცნებებია მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ტექნოლოგიისა და მედიის გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე.[1]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ატომ იეგოიანი 1960 წელს კაიროში დაიბადა. მისი მშობლები სომეხ-ეგვიპტელები იყვნენ. 1962 წელს ისინი კანადაში გადავიდნენ და ვიქტორიაში, ბრიტანულ კოლუმბიაში დასახლდნენ, ამის შემდეგ კი გვარი ეგოიანად გადაიკეთეს.

თინეიჯერობისას ეგოიანი კითხვითა და პიესების წერით დაინტერესდა, პირველი პიესა კი 13 წლის ასაკში დაწერა. მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სემუელ ბეკეტისა და ჰაროლდ პინტერის ნამუშევრებმა. ინტერვიუში, რომელიც ეგოიანმა ჟურნალისტ რობერტ ელდერს მისცა კოლექციისთვის „ფილმი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“, რეჟისორი ასევე აღნიშნავს, რომ 14 წლის ასაკში ინგმარ ბერგმანისპერსონას“ ხილვამ მასზე დიდი შთაბეჭდილებამ მოახდინა და მისი კინოკარიერა განსაზღვრა.[2]

მალევე ეგოიანი ტორონტოში გადავიდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კლასიკურ გიტარაზე დაკვრის შესასწავლად. ტრინიტის კოლეჯში მან „დრამატული საზოგადოებისთვის“ პიესები დაწერა და სპექტაკლები დადგა.

კინო-კარიერა

რედაქტირება
 
ეგოიანი 2016 წელს

ეგოიანმა პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „კონკრეტულად“, 1979 წელს გადაიღო.

1984 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, „ყველაზე ახლო ადამიანი“. ფილმის ჩვენება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რითიც რეჟისორმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი შემდგომი ფილმებია „მოლაპარაკე ნაწილები“ (1989), „შემფასებელი“ (1991), „კალენდარი“ (1993) და „ეგზოტიკა“ (1994).

ეგოიანის 1997 წლის ნამუშავარმა, სახელწოდებით „სახელოვანი მომავალი“, კანის კინოფესტივალზე სამი მნიშვნელოვანი პრიზი - გრან პრი, FIPRESCI ჟიურის პრიზი და საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ხოლო „ოსკარზე“ კი ორი ნომინაცია დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში.[3]

„არარატი“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა და 1915 წლის სომხების გენოციდზე მოგვითხრობს, კომერციულად წარმატებული გამოდგა. იგი 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვიდა და ათეულობით ჯილდო მიიღო, მათ შორის ჰოლივუდის პოლიტიკური კინოსაზოგადოების მიერ დაწესებული „საუკეთესო ფილმი ადამიანის უფლებების შესახებ“.

 
ატომ ეგოიანი და არსინე ხანჯიანი 2008 წელს

2006 წლის სექტემბრიდან 3 წლის განმავლობაში ეგოიანი ტორონტოს უნივერსიტეტში ასწავლიდა[4]. 2011-2012 წლებში ასწავლიდა რიერსონის უნივერსიტეტშიც.

2009 წელს გადაიღო ეროტიკული თრილერი „ქლოი“, რომელიც 2010 წელს გამოვიდა.

ეგოიანის ინსტალაციები გამოფენილა ვენეციის ბიენალეზე, ირლანდიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ოქსფორდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალზე.

წერს სტატიებს ჟურნალებისთვის: The New York Times, The Guardian, The Telegraph, The Village Voice, BOMB, Aperture, Granta და სხვ.

სემინარები ჩაუტარებია ჩიკაგოს, კოლუმბიის, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტებში; ასევე სანდენსის ინსტიტუტსა და ნიუ-იორკის სკოლაში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ეგოიანი ტორონტოში თავის ცოლთან, სომეხ-კანადელ მსახიობ არსინე ხანჯიანთან ერთად ცხოვრობს. ხანჯიანი მის ფილმებში ხშირად თამაშობს. ჰყავთ ერთი ვაჟი, არშილი, რომელსაც სახელი სომეხ-ამერიკელი მხატვრის, არშილ გორკის პატივსაცემად დაარქვეს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984 „ყველაზე ახლო ადამიანი“ The Next Kin რეჟისორი, სცენარისტი
1987 „ოჯახის მონახულება“ Family Viewing რეჟისორი, სცენარისტი
1989 „მოლაპარაკე ნაწილები“ Speaking Parts რეჟისორი, სცენარისტი
1991 „შემფასებელი“ The Adjuster რეჟისორი, სცენარისტი
1993 „კალენდარი“ Calendar რეჟისორი, სცენარისტი
1994 „ეგზოტიკა Exotica რეჟისორი, სცენარისტი
1997 „სახელოვანი მომავალი“ The Sweet Hereafter რეჟისორი, სცენარისტი
1999 „ფელიციას მოგზაურობა“ Felicia's Journey რეჟისორი, სცენარისტი
2002 „არარატი“ Ararat რეჟისორი, სცენარისტი
2005 „სად იმალება სიმართლე“ Where The Truth Lies რეჟისორი, სცენარისტი
2002 „თაყვანისცემა“ Adoration რეჟისორი, სცენარისტი
2009 „ქლოი“ Chloe რეჟისორი, სცენარისტი
2013 „ეშმაკის კვანძი“ Devil's Knot რეჟისორი, სცენარისტი
2014 „ტყვე“ The Captive რეჟისორი, სცენარისტი
2015 „დაიმახსოვრე“ Remember რეჟისორი, სცენარისტი
2019 „საპატიო სტუმარი“ Guest of Honour რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატომ_ეგოიანი“-დან