ასმოდეუსი (გოიას ნახატი)

„ასმოდეუსი“, ანუ ფანტასტიკური ხილვა (ესპ. Vision fantástica) — ფრანსისკო გოიას მიერ 1820-1823 წლებში[2] შესრულებული ფრესკა. მასზე გამოსახულია ორი მფრინავი ფიგურა, რომლებიც ლივლივებენ პეიზაჟის ზემოთ, რომელშიც მთა დომინირებს.[3] „ასმოდეუსი“ ერთ-ერთია გოიას 14 „ბნელი ნახატიდან“ — მისი უკანასკნელი მნიშვნელოვანი სერიიდან, რომელიც მან მადრიდის გარეუბანში საკუთარი სახლის კედლებზე (Quinta del Sordo) დახატა.

ასმოდეუსი, ანუ ფანტასტიკური ხილვა
Visión fantástica o Asmodea
ავტორი ფრანსისკო გოია
წელი 1819-1823
კატალოგი 533[1] , 2166c[1] და 1620[1]
ტიპი ტილო, ზეთი
სიმაღლე 123
სიგანე 265
ქალაქი მადრიდი
მუზეუმი პრადოს მუზეუმი

შემორჩენილი არ არის რაიმე სახის საბუთები და მკტიცებულებები, რომლებიც მოგვითხრობდნენ თვითონ გოიას მიერ საკუთარი სერიის ახსნაზე, რაც, შესაძლოა, მეტყველებს იმაზე, რომ მისი ნამუშევრები საზოგადოებისთვის არ იყო შესრულებული. ამ სერიაში გოია თავის ნამუშევრებს სახელებს არ არქმევდა. ამ ნახატს სახელწოდება ასმოდეუსი მოგვიანებით მიენიჭა გოიას მეგობრის, ესპანელი მხატვრის, ანტონიო ბრუგადას მიერ. ასმოდეუსი არის დემონი ტობითის წიგნიდან. ასმოდეუსი აგრეთვე მოიხსენიება პრომეთეს ბერძნულ მითში, რომელშიც იგი ქალღმერთმა ათენამ კავკასიონის მთებზე გადაიყვანა.[3]

ძაღლი, გოია, 1821—1823. პრადოს მუზეუმი, მადრიდი

ორი ფიგურა, ერთი მამაკაცისა და ერთი ქალის, ვრცელ ლანდშაფტზე ლივლივებენ. ქალი თეთრადაა შემოსილი და წითელ-ვარდისფერი მოსასხამშია გახვეული. ორივე გმირი შეშინებულია: ქალი შიშისგან მოსასხამით სახის ქვედა ნაწილს იფარავს, მამაკაცის სახე კი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.[4] მათი მზერები ურთიერთსაპირისპიროდაა მიმართული. მამაკაცი მთის წვერზე მდებარე ქალაქს უცქერს. კრიტიკოსი ევან კონელი აღნიშნავს, რომ მთის ფორმა გიბრალტარს მოგვაგონებს, რომელიც ნახევარკუნძულის ომის დროს ესპანელი ლიბერალების თავშესაფარი იყო.[5] წინა პლანზე ვხედავთ ჯგუფს ფრანგი ჯარისკაცებისა, რომლებიც ჰგვანან გოიას 1814 წლის სხვა ნახატის, „1808 წლის სამი მაისი მადრიდში“, ანალოგიურ პერსონაჟებს, რომლებიც უმიზნებენ მთის ძირას მოხეტიალე ხალხს. ეს ხალხი მოძრაობს ცხენებსა და ურმებთან ერთად. ისინი, სავარაუდოდ, დევნილები არიან[4] და გაურბიან ნაპოლეონის საფრანგეთთან ომის შედეგებს. ამ ომის მსხვერპლი გოიამ უფრო ადრე გამოსახა სერიაში „ომის უბედურებები“.

ატროპოსი, გოია, 1821—1823. პრადოს მუზეუმი, მადრიდი.

მწერალმა რიჩარდ კოტრელმა შენიშნა ცის გამოსახულების მსგავსება გოიას ამავე „ბნელი ნახატების“ სერიის სხვა ნახატთან, ძაღლთან.[4] სადამკვირვებლო პერსპექტივის გამრუდების ელიფსური ვიზუალური ხერხის გამოყენებით ნამუშევარი ასევე ჰგავს ნახატებს „ატროპოსი“ და „ფესტივალი სან-ისიდროში“.

თავდაპირველად ეს ნახატი გოიამ სახლის კედელზე დაიტანა,[6] მოგვიანებით კი ტილოზე გადაიტანა და ამჟამად პრადოს მუზეუმში ინახება ამავე სერიის სხვა ნახატებთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება