ასკინკილა (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - „კინკილაობა“, „სალაობა“, „ლიპარიტი“, სვანეთში - „კირინკაჩხვ“, ან „ჭირინჭვა“) — საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან („ბოსტნიდან“) მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე „ჩაჭრილია“. მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე „ჩაუჭრელად“ გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის „დასჯისას“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიშნიაშვილი, ნ., ქართული ხალხური მოძრავი თამაშობები, თბ., 1958, გვ. 65.
  • Гулисов З., Об игрушках, играх и разных детских забавах, встречающихся в Грузии, «Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа», 1866, выпуск 5, разд. 2, с. 236 - 237.