ასათ მოქმედი
ასათ მოქმედი - X საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელი, ავტორი სოფ. ბრილში 1898 წელს აღმოჩენილი ჯვრისა (27,7×16,2 სმ, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).
მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართულ ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი. ამასთანავე ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძვ. ტრადიციები: სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა. ასათ მოქმედის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტესა და წმინდანთა ფიგურები. ფონი და ზურგი მთლიანად დაფარულია გრავირებული ფოთლოვანი ორნამენტით. წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია ამოკვეთილი, ზურგზე - შემსრულებლის სახელი - "ასათ მოქმედი". ქრისტეს ტანჯვით აღბეჭდილი მეტყველი სახე, იოანეს მოკრძალებული ფიგურა და იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1961, გვ.221-223.
- ქსე, ტ. I, გვ. 622,თ., 1975.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ავტორ-შემდგენლები: ე.გაბიძაშვილი, მ. მამაცაშვილი, ა. ღამბაშიძე, თბილისი, 2007.