გურამ ასათიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ასათიანი, გურამ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.

გურამ ლევანის ძე ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი — გ. 28 ივნისი, 1982, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გაიზარდა ცნობილი მწერლის ლევან ასათიანის ოჯახში. სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კი მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც მან დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. 1956 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო „ლიტერატურნაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენო განყოფილების გამგე, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე, ხოლო 1977 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე „ლიტერატურნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი. 1977 წელს მონოგრაფიისათვის „ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“ მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალების „ლიტერატურნოე ობოზრენიეს“, „ცისკრის“, ალმანახ „კრიტიკის“, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული აფხაზური ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარე, სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული კრიტიკის საბჭოს წევრი. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. 1965 წლიდან 1980 წლამდე ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის განყოფილებას.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვერდწითელი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 620-621.
  • იმედაშვილი კ., "მიჯნა", თბ., 1987.
  • გვერდწითელი გ. – ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბ., 1997, გვ. 224.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 61, თბ., 1994