არჯევან-სარვანის ეკლესია
არჯევან-სარვანის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჯევან-სარვანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიში. აგებულია X-XI საუკუნეებში. ზოგიერთი წყარო მას XI-XII საუკუნეებით ათარიღებს.
არჯევან-სარვანის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. აშენებულია დიდი ზომის დამუშავებული კვადრებით. გადახურულია ლორფინით. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკთან შედარებით აწეულია ერთი საფეხურით. სამხრეთიდან არსებული შესასვლელი არქიტრავულია. არქიტრავზე ამოკვეთილია კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომელსაც შემოუყვება ბოლოებში ჰორიზონტალურად გაშლილი, ნახევარწრიული ლილვი. ეკლესიას აქვს თაღოვანი სარკმელები სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლებზე, რომლის საფუძველზეც ნათდება ინტერიერი. აღმოსავლეთის სარკმელს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირე. სარკმლის მარჯვენა მხარეს ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოიხსენიება „მეფეთ მეფე გიორგი“ და ეკლესიის ამშენებელი მექარვე. ეკლესიის ეზოში სამაროვანია გამართული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ნამოსახლარის ნაშთები შეინიშნება.
არჯევან-სარვანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5366
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-25.