არჩილ ძიძიგური
არჩილ ამბროსის ძე ძიძიგური (დ. 2 (15) აგვისტო, 1914, ქუთაისი — გ. 4 აპრილი, 1997, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ინჟინერი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958). პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).
ბიოგრაფია
რედაქტირებაარჩილ ძიძიგური დაიბადა 1914 წლის 15 აგვისტოს ქ. ქუთაისში პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში. 1938 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი. 1939-1941 წლებში სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1946 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
1952-1957 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც, მისი ინიციატივით, 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის (შემდგომ გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის) ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1973 წლამდე. 1958 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და 1960 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს — ნამდვილ წევრად. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1968-1970 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას. 1973 წელს აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანად გაფართოვდა და გაძლიერდა ინსტიტუტი. იგი უმაღლესი საინჟინრო განათლებისა და ტექნიკური მეცნიერების ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად იქცა.
1978-1988 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ხოლო 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — ამავე პრეზიდიუმის მრჩეველი. 1978 წელს მისი ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა გარდაცვალებამდე.
არჩილ ძიძიგური სამთო მექანიკის, სტაციონარული მანქანებისა და ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, სამთო მექანიკოსთა ეროვნული სკოლის ფუძემდებელი და მისი აღიარებული ხელმძღვანელი იყო. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი სამთო ობიექტის დაპროექტებასა და ათვისებაში, რისთვისაც, თავის მოწაფეებთან ერთად, 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც მას, ავტორთა კოლექტივთან ერთად, განმეორებით მიენიჭა 1993 წელს, როგორც უნიკალური „შახტ-ლაბორატორიის“ ერთ-ერთ დამაარსებელსა და მთავარ მეცნიერ-კოლსუნტანტს. უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნასა და განვითარებაში, რისთვისაც მას, სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, 1974 წელს გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. იგი, დღიდან ჩამოყალიბებისა, იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
არჩილ ძიძიგური 300-ზე მეტი გამოქვეყნებული მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია 40-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. იგი მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე იყო. არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IX და X მოწვევის დეპუტატად. 1980 წელს ბათუმის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
დაჯილდოებული იყო ქვეყნის უმაღლესი ხარისხის (ლენინის, შრომის წითელი დროშის, ღირსების, ხალხთა მეგობრობისა და საპატიო ნიშნის) ორდენებითა და მედლებით; დაჯილდოვდა საზოგადოება „ცოდნის“ წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ოქროს მედლითაც.
აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია თავის მეუღლესთან, ქეთევან ჯაყელთან და შვილთან, ნანა ძიძიგურთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- არდიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 278.