არჩილ კოსტავა
არჩილ კოსტავა (დ. 12 დეკემბერი, 1937, ქუთაისი — გ. 11 თებერვალი, 2002, იქვე) — საბჭოთა და ქართველი ინჟინერი, გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი.
არჩილ კოსტავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 დეკემბერი, 1937 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 11 თებერვალი, 2002 (64 წლის) |
გარდ. ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
მუშაობის ადგილი | ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი.
1960-1962 წლებში მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნილოგად და კონსტრუქტორად. 1962 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი და სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელია. 1989-1993 წლებში ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი იყო. 1991 წელს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 22 მარტის დადგენილებით, არჩილ კოსტავა ქ. ქუთაისის პრეფექტად დაინიშნა.[1]
სხვადასხვა დროს აწარმოებდა კვლევას და კითხულობდა ლექციებს პრაღის, ვროცლავის და პეტერბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტებში. 1991 წლიდან იყო გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი, 1997 წლიდან კი - აკადემიკოსი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ლითონების სიმტკიცის, მაღალი წნევების გამოყენების საკითხებს, ხახუნის თეორიას, ცვეთის პროცესების მოდელირებას და სხვა. ავტორია 130-ზე მეტი შრომის, 82 გამოგონების და პატენტის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982). მიღებული აქვს რუსეთის მინისტრთა საბჭოს პრემია (1986).
არჩილ კოსტავა გარდაიცვალა 2002 წლის 11 თებერვალს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
ხსოვნა
რედაქტირება- ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის (აწსუ-ს მე-7 კორპუსის) ეზოში დაიდგა აკადემიკოს არჩილ კოსტავას ბიუსტი.
- 2017 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში აკადემიკოს არჩილ კოსტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ არჩილ კოსტავას მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, საცხოვრებელ სახლზე, სადაც არჩილ კოსტავა ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გახსნეს; მწვანეყვავილას პანთეონში ყვავილებით შეამკეს საფლავი. აწსუ-ს მე-7 კორპუსის ეზოში ბიუსტთან არჩილ კოსტავას მეგობრებმა, კოლეგებმა, ყოფილმა სტუდენტებმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა გაიხსენეს ბატონი არჩილის დამსახურება და ღვაწლი, მისი სამეცნიერო მიღწევები და ის უმნიშვნელოვანესი კვალი, რაც არჩილ კოსტავამ ამ ქალაქში და უნივერსიტეტში დატოვა.[2][3]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1995 — გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
- 1998 — ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის[4]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- არჩილ კოსტავა. სისტემების განვითარების ძირითადი კანონები და პრობლემატიკა. ქუთაისი. 2002.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1991. № 3. გვ. 27
- ↑ ქუთაისში არჩილ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა
- ↑ არჩილ კოსტავას 80 წლის იუბილე
- ↑ ა. კოსტავას ღირების ორდენით დაჯილდოების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-31. ციტირების თარიღი: 2024-01-31.