ეს სტატია ლიტერატურულ ნაწარმოებს ეხება. ფილმის შესახებ იხილეთ არსენას ლექსი (ფილმი).

არსენას ლექსი — ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი. მრავალ ვარიანტად ცნობილი, თექვსმეტმარცვლოვანი შაირით გამართული მესტვირული პოემა. შექმნილია XIX საუკუნის 40-იან წლებში უცნობი მესტვირის მიერ (პოემის ავტორად ზოგი მკვლევარი რაჭველ ანდრია ნადირაძეს მიიჩნევს, ზოგი - ქართლელ გიორგი ქებაძეს). ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის არსენა ოძელაშვილის თავგადასავალი XIX საუკუნის 30-იანი წლების საქართველოს სოციალური-პოლიტიკური ვითარების ფონზეა გაშლილი. „არსენას ლექსი“ ხალხური მესტვირული პოეზიის ტრადიციებზეა შექმნილი, მაგრამ მისი მნიშვნელობა სცილდება ამ ჟანრის ფარგლებს. იგი ქართული ფოლკლორის ღირსშესანიშნავ ეპიკურ ნაწარმოებს წარმოადგენს.

„არსენას ლექსში“ თხრობა უაღრესად დინამიკურია, იუმორით შეზავებული. სადა, ლაკონიური პოეტური ენა ბევრგან აფორისტული ხასიათისაა. მიუხედავად ზოგიერთი ეპიზოდის ფრაგმენტულობისა, პომაში დახატულია იმდროინდელი ქალაქური თუ სოფლური ყოფის კოლორიტული სურათები, რელიეფურადაა გამოკვეთილი ბევრი პერსონაჟი. განსაკუთრებით გამოირჩევა არსენას მხატვრული სახე, განათებული ღრმა შინაგანი რწმენით, სიკეთით, რაც ფიზიკურ სიქველესთან ერთად გმირის ყოველ მოქმედებას თან ახლავს. მასში განცხადებულია სრულყოფილი ვაჟკაცის, სახალხო გმირის იდეალი, რომელიც ქართველ ხალხს ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩამოუყალიბებია.

„არსენას ლექსი“ საქართველოში ძალზე პოპულარული ნაწარმოები იყო, ვრცელდებოდა როგორც ზეპირი გზით, ისე წიგნის მეშვეობითაც. „არსენას ლექსის“ გარდა არსენას შესახებ არსებობს ხალხური ლექსებისა და გადმოცემების ციკლი. „არსენას ლექსი“ ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, მ. ჯავახიშვილის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის და სხვათა ბევრი თხზულების წყარო გახდა. ცალკე წიგნად „არსენას ლექსი“ 67-ჯერაა გამოცემული, პირველად 1872 წელს გამოიცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ქ., ქსე, ტ. 1, გვ. 585, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება