არნოლდ კარტოზია
არნოლდ კარტოზია (დ. 28 მარტი, 1909, ზუგდიდი — გ. 11 ივნისი, 1979) — ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაარნოლდ კარტოზია დაიბადა 1909 წლის 28 მარტს, ზუგდიდში. 1934 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საიჟინრო-სამშენებლო უნივერსიტეტი. იყო მაგნიტოგორსკის კომბინატისა და მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი რადიუსის მშენებლობის უფროსი (1935-1937), ხოლო, 1937 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თავისი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნა საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობას.
1937 42 წლებში ა. კარტოზია მუშაობდა დონბასის შახტების მშენებლობის რაიონის ინჟინრად, საწარმოო განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ „მთავარშახტმშენში“, სსრკ-ის სახალხო მძიმე მრეწველობისა და ქვანახშირის სახალხო კომიტეტებში.
დიდი სამამულო ომის დასაწყისში ასრულებდა მთავრობის საგანგებო დავალებას საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ რაიონებში ქვანახშირის საწარმოთა მუშაობის ორგანიზაციის საქმეში და ფრონტთან ახლოს მყოფი დონბასის შახტების ლიკვიდაციაში. 1942 43 წლებში იყო კომბინატ „ყუზბასნახშირის“ უფროსის მოადგილე და სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული.
დონბასის გათავისუფლების მერე, 1947-1953 წლებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა გერმანელი ოკუპანტების მიერ დანგრეული დონეცკის აუზისა და მოსკოვის შემოგარენის სამთო საწარმოების აღდგენაში, ჯერ როგორც კომბინატ „დონბასშახტმშენის“, შემდეგ კი „მთავარშახტაღმდგენის“ უფროსი. შემდგომში იგი ხელმძღვანელობდა სსრკ-ის სამთო მრეწველობის სამინისტროს „მთავარცენტრშახტმშენს“.
1952-1956 წლებში ა. კარტოზია „საქნახშირის“ კომბინატის უფროსია და არჩეულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1957 წლიდან მუშაობდა „სახმშენში“ ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა სსრკ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში. იყო ნახშირის , ტორფისა და ფიქლების განყოფილების უფროსის მოადგილე, სადაც დიდი სამუშაო ჩაატარა კაპიტალური მშენებლობის დაგეგმარებაში. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავებულ იქნა საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის ოთხი ხუთწლიანი გეგმა.
ყველგან, სადაც კი მუშაობდა, ა. კარტოზიამ თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა ორგანიზატორმა და ნიჭიერმა ხელმძღვანელმა, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა სამთო მრეწველობის აღდგენა-განვითარებაში. ის ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ჟურნალ „შახტმშენის“ რედკოლეგიის წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის გამოცემაში.
ა. კარტოზიას ნაყოფიერი მოღვაწეობა აღინიშნა მაღალი სახელმწიფო ჯილდოებით: პირველი ხარისხის სტალინური პრემია დონბასის შახტების აღდგენისთვის (1948); ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენები; მინიჭებული ჰქონდა რუსეთის დამსახურებული ინჟინერ-მშენებლის წოდება.
მამის პროფესიული გზა გააგრძელა მისმა ვაჟმა ბორის კარტოზიამ (1940) — სამთო ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოსკოვის სამთო ინსტიტუტის პირველი პრორექტორი; რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი (1993).
არნოლდ კარტოზია გარდაიცვალა მოსკოვში, 1979 წლის 11 ივნისს. დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980, გვ.420
- ჯაფარიძე და სხვ. ; სამეცნ. რედ.: არჩილ ფრანგიშვილი. თბ., 2012, გვ.84