არაშენდის მთავარანგელოზის ეკლესია

არაშენდის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის საპირეები, ლავგარდანი და თაღები თლილი ქვისაა. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, მის მარცხენა მხარეს - თაღოვანი ნიშია. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ქვის კანკელი, რომელსაც თაღოვანი შესასვლელი აქვს. მისგან მარცხნივ შეისრული ფორმის ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმლებია. კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის არქიტრავზე, გამოსახულია ტოლმკლავებიანი ჯვარი. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონის თავზე ქვისაგან გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ქვის ფილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება