არანისის თეთრაანთ კოშკი
თეთრაანთ კოშკი — დგას მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არანისის ზედა უბანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაკოშკი სამსართულიანია, ცილინდრული (დიამეტრი 7,8 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია მესამე სართულის გადახურვის და კედლის დიდი ნაწილი; ჩამოშლილია მეორე სართულის გუმბათოვანი კამარის წვერი; გარედან კედლის ზედა ნაწილს საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილი აქვს.
კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე. კარის წინ ქვის კონსოლური ბაქანია. პირველი სართული სრულიად ყრუა. გადახურულია აგურით ნაწყობი ნახევარსფერული გუმბათით. მეორე სართულს სხვადასხვა მხარეს ოთხი სათოფური აქვს, მათ შორის სამი შეწყვილებულია. შესასვლელი გადახურულია ქვის არქიტრავით. კარის გვერდებზე, კედელში პირველ და მესამე სართულებთან დასაკავშირებლად დატანებულია კიბეები, ამავე სართულზე ბუხარი და ორი პატარა სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულის შემორჩენილ კედელში ოთხი სათოფურიდან სამი შეწყვილებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. დვალი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 216.