არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება

(გადამისამართდა გვერდიდან არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742-1746)

არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742-1746, აჯანყების მთავარი მიზეზი იყო ბეგარა-გადასახადების გადადიდება და მებატონე ერისთავების სისასტიკე. გლეხებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობდა ერისთავების უკმაყოფილო წვრილი აზნაურობაც. 1742 წელს აჯანყებულებმა საერისთავოს სახლთუხუცესის ამინა კობიაშვილის მეთაურობით ბეჟან არაგვის ერისთავის შეპყრობა და მოკვლა გადაწყვიტეს. ბეჟან ერისთავს გივი ამილახვარი მიეშველა ჯარით. აჯანყებულები დაარბიეს და აიკლეს, მოთავენი ჩაამწყვდიეს. ა. კობიაშვილი სიკვდილით დასაჯესა.

1743 წლის ივნისში საერისთავოს მოსახლეობა კვლავ აჯანყდა მოედო საერისთავოს ბარის სოფლებს, ხევს, მთიულეთს. აჯანყების მოთავეები იყვნენ პაპა ღუდუშაური (ხევში), გივი და ზარიბეგ ნადიბაიძეები (მთიულეთში), ტეტია გელდაშვილი (საერისთავოს ბარის ნაწილში) და სხვა. აჯანყებულებმა მოკლეს ბეჟან და ოტის ერისთავები, თავს დაესხნენ გივი ამილახვრისა და ბეჟან ერისთავის სახლობას, რომელნიც მთიულეთში იყვნენ შეფარებული, აიკლეს და დაიტაცეს დიდძალი ქონება. აჯანყებულებმა თავიანთ ბატონად კახეთის მეფე თეიმურაზ II მიიწვიეს. თეიმურაზი ჯარით შევიდა საერისთავოში, ანანურს დაბანაკდა და აჯანყებულებს ადათით დაწესებული გადასახედელის შენარჩუნებას დაჰპირდა. სამაგიეროდ მორჩილება მოითხოვა, მეთაურებს მძევლები გამოართვა და საერისთავოში თავისი მოხელეები დანიშნა.

1746 აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა და ქსნის საერისთავოსა და ახლანდელი სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. ქართლ-კახეთის მეფეებმა გადაწყვიტეს აჯანყებულები იარაღით დაემორჩილებინათ. თეიმურაზ II ქართლის ჯარით ქსნის საერისთავოში შევიდა და ვანათს დადგა. ერეკლე II-მ კახეთის ჯარით ანანური დაიჭირა. მეფეებმა ორივე საერისთავოს გზები შეკრეს. ერეკლემ პირველად არაგვის ხეობის აჯანყებულ ოსებს შეუტია. აიღო და გადაწვა 40 კოშკი. შემდეგ ანანურში მიბრუნდა და იქაურ აჯანყებულებს გაუსწორდა. აჯანყების მეთაურებს (რომელთაც 1743 წელს ერისთავები დახოცეს და საერისთავო თეიმურაზს გადასცეს) მეფეების ბრძანებით თვალები დასთხარეს და კახეთში გადაასახლეს, ქსნის ხეობის გლეხობა და მთაში მცხოვრები ოსები იძულებული გახდნენ თეიმურაზს დამორჩილებოდნენ, პატიება ითხოვეს და "მოსცეს სრული ბეგარა". გლეხთა ეს დიდი აჯანყება მარცხით დამთავრდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 532-533, თბ., 1975