არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიტიკური სისტემა
არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიტიკური სისტემა — რესპუბლიკური და მონარქიული წყობილებების უნიკალური ნაზავი. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის აბსოლუტური მონარქიის მქონე შვიდი საამიროსაგან შემდგარი ფედერაციული სახელმწიფო. სახელმწიფოს მართავს აბუ-დაბის ემირი, ხოლო მთავრობას დუბაის ემირი. ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენს
- ფედერაციის უმაღლესი საბჭო
- პრეზიდენტი
- მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ხელისუფლება)
- ეროვნული საბჭო (საკანონმდებლო ხელისუფლება)
- უმაღლესი ფედერაციული სასამართლო (სასამართლო ხელისუფლება)
ფედერაციის უმაღლესი საბჭო
რედაქტირებაარაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიტიკური სისტემაში იერარქიულად უმაღლეს ადგილს ფორმალურად იკავებს ფედერაციის უმაღლესი საბჭო. საბჭოს წევრია ყველა, შვიდივე საამიროს მეთაური. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო მინისტრთა საბჭო პასუხისმგებელია ფედერაციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ამ პოლიტიკის წარმართვისათვის. გარდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა, ფედერაციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გადახედოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პრინციპს. საბჭო ამტკიცებს, აგრეთვე, კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
საბჭოს შეკრება ხდება ყოველი წლის ოქტომბრის დასაწყისში, ამასთან, უფლება აქვს ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩაატაროს პლენარული სხდომები. საბჭოს პრეზიდენტს შეუძლია ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში ან საბჭოს წევრთა მოთხოვნისამებრ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა საბჭოს სხდომაზე მინიმუმ 5 წევრის დასწრება, რომელთა შორის აუცილებლად უნდა იყვნენ აბუ-დაბისა და დუბაის წარმომადგენლები. როგორც წესი, საბჭოს სხდომები დახურულია.
პრეზიდენტი
რედაქტირებაპრეზიდენტის პოსტი არაბთა გაერთიანებული საამიროებში შერწყმულია აბუ-დაბის საამიროში დედაქალაქის ემირის პოსტთან. რამდენადაც ემირატი წარმოედგენს აბსოლუტური მონარქიის მქონე ერთეულს, იმდენად ხელისუფლება მასში და, აქედან გამომდინარე, მთლიანად სახელმწიფოში, მემკვიდრეობით გადაეცემა. 1966 წლამდე აბუ-დაბიში, როგორც მეზობელ საუდის არაბეთში ხელისუფლება გადადიოდა ძმიდან ძმაზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და თავდაცვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. სახელმწიფოს მეთაური ხელს აწერს უმაღლესი ფედერაციული საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბრძანებებს და დადგენილებებს, აგრეთვე, მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს. ამასთან, პრეზიდენტი ნიშნავს დიპლომატიური კორპუსის წევრებს, უმაღლეს სამოქალაქო და სამხედრო პირებს, აცხადებს ამნისტიას ან ამტკიცებს სასიკვდილო განაჩენს.
არსებობს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ვიცე-პრეზიდენტი ინიშნება ფედერაციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 წლის ვადით.
2004 წლის 3 ნოემბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის პოსტს იკავებს შეიხი ხალიფა ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანი. 2009 წლის 3 ნოემბრიდან ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ მას გაუგრძელა პრეზიდენტის უფლებამოსილება 5 წლის ვადით. ალ-ნაჰაიანის კლანი აბუ-დაბის ემირატს მართავს უკვე 250 წელზე მეტია.
მინისტრთა საბჭო
რედაქტირებააღმასრულებელი ხელისუფლება წარმოდგენილია მინისტრთა საბჭოთი, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული და უმაღლესი ფედერაციული საბჭოს მიერ დამტკიცებული პირი. მთავრობის უფლებამოსილება ეხება კანონპროექტებისა და ფედერალური ბიუჯეტის შემუშავებას, დადგენილებებისა და ინსტრუქციების მიღებას კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებისათვის, დაკვირვებას სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ისეთი ფედერალური ჩინოვნიკების დანიშვნა-გათავისუფლებას, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მიერ რაიმე განსაკუთრებულ განკარგულებებს. ამ დროისათვის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს შეიხი მოჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმი. არსებობს შემდეგი სამინისტროები და სტატუსით მასთან გათანაბრებული დაწესებულებები:
- პრეზიდენტის საქმეთა სამინისტრო
- ფედერაციული საბჭოს საქმეთა სამინისტრო
- მინისტრთა საბჭოს საქმეთა სამინისტრო
- ფინანსთა და მრეწველობის სამინისტრო
- ენერგეტიკის სამინისტრო
- უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო
- განათლების სამინისტრო
- საგარეო საქმეთა სამინისტრო
- შრომისა და სოციალური განვითარების განვითარების სამინისტრო
- იუსტიციის სამინისტრო.
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- ეკონომიკისა და დაგეგმარების სამინისტრო
- ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრო
- შინაგან საქნეთა სამინისტრო
- კავშირგაბმულობის სამინისტრო
- ჯანდაცვის სამინისტრო
- თავდაცვის სამინისტრო
- ადმინისტრაციული განვითარების დაწესებულება
- ფედერალური საბაჟო სამსახური
- ელექტრობისა და წყლის რესურსების ფედერალური სამსახური
- გარემოს ფედერალური სააგენტო
- საბირჟო სამსახური
- კერძო საკუთრების ფედერალური სამსახური
- სახელმწიფო აუდიტორული სამსახური
ეროვნული საბჭო
რედაქტირებასაკანონმდებლო საბჭო წარმოდგენილია ფედერალური ეროვნული საბჭოთი, რომლის შემადგენლობაში შედიან თითოეული ემირატის წარმომადგენელები, რომელთა რიცხვი განმტკიცებულია კონსტიტუციით და განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ამა თუ იმ ემირატში ეკონომიური და პოლიტიკური სიტუაციით. თითოეულ ემირატს უფლება აქვს თავად აირჩიოს ეროვნულ საბჭოში თავისი წარმომადგენლების არჩევნების ჩატარების მეთოდი.
დღეისათვის ეროვნულ საბჭოში შედის სულ 40 დეპუტატი (8-8 აბუ-დაბიდან და დუბაიდან. 6 - რას ელ-ჰაიმადან და შარჯადან, 4-4 ფუჯაირადან, აჯმანიდან და უმ ელ-კაივაინიდან.)
უმაღლესი ფედერაციული სასამართლო
რედაქტირებასასამართლო ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლესი ფედერაციული სასამართლოთი, რომელიც წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს სასამართლოს. ის შედგება 4 დამოუკიდებელი სასამართლოსაგან. უმაღლესი სასამართლო არეგულირებს ურთიერთობებს ემირატებს შორის, უმაღლესი ფედერაციული საბჭოს წევრებს შორის და ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.