აპოლონ ჯინჭარაძე
აპოლონ ჯინჭარაძე (დ. 6 იანვარი, 1961, თბილისი — გ. 4 მარტი, 1989) — ქართველი მეცნიერი, გენეტიკოსი, მოლეკულური ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდის (ე.წ. დნმ-ის ტესტი) აღმომჩენი.[1]
აპოლონ ჯინჭარაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1961 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 1989 (28 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი და ბიოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ჯილდოები | რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (1996) |
ცნობილია როგორც | გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდის აღმომჩენი |
სამეცნიერო სფერო | ბიოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დედა — ტერეზა ალექსის ასული ჩხატარაიშვილი, პროფესიით ზოოინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი, მამა — გიზო აპოლონის ძე ჯინჭარაძე, ეკონომისტი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.
1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, გენეტიკის კათედრის გამგემ, თეიმურაზ ლეჟავამ დაინახა მასში მკვლევარისთვის საჭირო თვისებები და მიავლინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში (ხელმძღვანელი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ბერიძე) მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად. აპოლონი ყველანაირად ცდილობდა ამ ორი ადამიანის ნდობა და იმედები გაემართლებინა. სტუდენტობის პერიოდში შესრულებული მისი ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო კონკურსებში ჯილდოებსა და პრიზებს იმსახურებდა. ბიოქიმიის ინსტიტუტიდან შემდეგ სამუშაოდ მიავლინეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის მოლეკულერი ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1984 წელს ჩააბარა მიზნობრივ ასპირანტურაში და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის ლაბორატორიაში დაკავებული იყო ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობების შესწავლით. სწავლის პერიოდში გამოავლინა თავი, როგორც დამოუკიდებელმა მკვლევარმა, რომელსაც კარგი თეორიული მომზადება ჰქონდა და ფლობდა მოლეკულერი ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებს. მონაწილეობდა საკავშირო სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული ჰქონდა სტატიები. 1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“ და საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამავე წელს მუშაობა ისევ თბილისში განაგრძო. კითხულობდა ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1989 წელს სრულიად ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
აპოლონი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით. მას თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი და ფოტოაპარატიც მუდამ თან დაჰქონდა. ჩინებულად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს. მუდამ ფეხს უწყობდა მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებს, რაშიც ენების ცოდნა ეხმარებოდა. სადისერტაციო ნაშრომში კი საკუთარ გადაღებულ ფოტოებს იყენებდა.
აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა დნმ-ის ტესტი (გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი). მის მიერ აღმოჩენილმა კანონზომიერებებმა შესაძლებლობა მისცა მეცნიერებას, საფუძვლიანად შესწავლილიყო მოლეკულური ევოლუციის პროცესი. მისი ნაშრომები პრაქტიკული დანიშნულებების მატარებელია და ფართოდ გამოიყენება სასამართლო მედიცინასა და მეცხოველეობაში. მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.
აპოლონ ჯინჭარაძის სახელი შეტანილია გენეტიკის თითქმის ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება საქართველოში. მის ნაშრომებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ციტირებებს ახდენენ მსოფლიოს წამყვანი ბიოლოგები.
2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აპოლონის გარდაცვალებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. სხდომაზე მიმოიხილეს მისი სამეცნიერო ღვაწლი. აღინიშნა, რომ მისი დამსახურებით გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი, რომელიც მანამდე მხოლოდ ადამიანებით შემოიფარგლებოდა, მთელ ცოცხალ სამყაროზე გავრცელდა.
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირებაშრომები
რედაქტირება- 1987 — გენომური „დაქტილოსკოპია“. ადამიანის გენომის კლონირებული თანმიმდევრობის JIN 600-ის დახასიათება, რომელსაც M13 ვექტორის შემადგენლობაში გააჩნია დნმ-ის მაღალპოლიმოგრაფული მარკერის თვისებები. (თანაავტორი)[3]
- 1987 — სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფის ორგანიზმების გენომური „დაქტილოსკოპია“: საჰიბრიდიზაციო სინჯად M13 ფაგის დნმ-ის გამოყენება (თანაავტორი)[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბადრი ჯინჭარაძე — აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენის ისტორია. თბილისი. 2009
- ↑ რუსეთის პრეზიდენტის 1996 წ. 18 ივნისის №930 ბრძანება „რუსეთის ფედერაციის 1996 წლის სახელმწიფო პრემიის მინიჭების შესახებ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში“
- ↑ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებები. 1987 ტ.295
- ↑ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებები. 1987 ტ.295