ანჩის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი და ანჩის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი ისტორიულ კლარჯეთში. მდებარეობს სოფ. ანაჩლის მახლობლად, არტანუჯის რაიონში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ეკლესია ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპის შენობა იყო. დღეს თითქმის მთლიანად ნანგრევებად არის ქცეული.[1][2]

ანჩის მონასტერი 1903 წლისათვის. ფოტო ნიკო მარის მოგზაურობიდან.

ყველაზე ადრეული ჩანაწერები მონასტრის შესახებ გვხვდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში (951 წ.), რომლის მიხედვითაც ანჩა IX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. იგი ფუნქციონირებდა, როგორც კლარჯეთის სამთავროს ერთ-ერთი ძირითადი სასულიერო და კულტურული ცენტრი, რომლის ტერიტორიაც 1550-იან წლებში ხელიდან გამოსტაცა ოსმალეთმა ქართველებს. XVII საუკუნის შუა ხანებში ეკლესია სრულიად გაუკაცრიელდა. გადარჩენილი სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, აქედან თბილისში გადააბრძანეს. რუსეთის მიერ ართვინის მხარის შემოერთებიდან ცოტა ხანში, 1889 წელს, ქართველი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე ეწვია ამ კუთხის ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. იგი იტყობინება მძიმე მდგომარეობის შესახებ ანჩაში. 1904 წელს, ნიკო მარი იტყობინება, რომ მონასტრის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილი და საკურთხევლის აფსიდაღა იყო გადარჩენილი. შემორჩენილი იყო თავის ფრაგმენტი. სადღეისოდ შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია.[1][2]

  1. 1.0 1.1 (რუსული) Анчийская епархия , «Православная энциклопедия», 2001 Т. 3, С. 14-15
  2. 2.0 2.1 (ინგლისური) Djobadze, Wachtang Z., Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjet'i, and Šavšet'i, 1992, გგ. 54-56.