ანტუან სევრიუგინი

ანტუან სევრიუგინი (დ. 1830 — გ. 1933) — ყაჯარების დინასტიის კარის ფოტოგრაფი (1885-1925) და ყველაზე წარმატებული ფოტოატელიეს მფლობელი ირანში. მისი ფოტოები ყაჯარებისა და ადრეული ფეჰლევის დინასტიის დროინდელი ირანის შესასწავლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, როგორც ზოგადად ირანული საზოგადოების, ისე ამ პერიოდის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით.

ანტუან სევრიუგინი

ანტუან სევრიუგინი
დაიბადა 1830
დაბადების ადგილი თეირანი, ირანი
გარდაიცვალა 1933
გარდაცვალების ადგილი თეირანი
სფერო ფერწერა
ფოტოგრაფია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტუან სევრიუგინი დაიბადა თეირანში, რუსეთის საელჩოს თანამშრომლის, სომხური წარმომავლობის ვასილ სევრიუგინისა და მისი ქართველი მეუღლის ოჯახში. მამის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ დედამ, რომლის სახელი მხოლოდ სპარსული ფორმითაა ცნობილი — ახიმ-ხანუმი, ოჯახი თბილისში წამოიყვანა. ანტუანი თბილისიდან, ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის რჩევით, ყირიმში გაემგზავრა, მოიარა შუა აზია და კავკასია. ამის შემდეგ ირანში მოგზაურობა და ამ ქვეყნის შესახებ დოკუმენტაციის შექმნა გადაწყვიტა.

1870 წელს ძმასთან, კოლიასთან ერთად, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი ქურთისტანსა და ლურისტანში იმოგზაურა.

1883 წელს თეირანში, დღევანდელ ფირდოუსის ქუჩაზე სევრიუგინმა ძმასთან ერთად ფოტოატელიე გახსნა. ანტუანმა ირანში სომეხი ქალი, ლუიზე გურგენიანი შეირთო და მასთან შვიდი შვილი ჰყავდა. ამ დროის განმავლობაში მისი ფოტოხელოვნება ირანულ ზეპურ საზოგადოებაში სულ უფრო მეტი წარმატებით სარგებლობდა, ბოლოს ის ნასერ ადილ-შაჰის (1831-1896) კარზე მიიწვიეს.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მან მას შემდეგ მიიქცია, რაც გერმანელი ისტორიკოსის ფრიდრიხ სარეს (1865-1945) დავალებით ირანის სამხრეთში ექსპედიცია მოაწყო და აქემენიდური და სასანიდური ირანის ძეგლები გადაიღო, რომლებიც ალბომის სახით 1910 წელს გამოიცა.

კონსტიტუციური რევოლუციის დროს (1905-1911) ანტუან სევრიუგინის ფოტო-ატელიე გაანადგურეს. 7000 ფოტოდან მხოლოდ 2000 გადარჩა, ნაწილიც რეზა-შაჰ-ფეჰლავის მოდერნიზიის პერიოდში კონფისცირებულ იქნა. მოგვიანებით ანტუანის ქალიშვილმა, მარიმ ზოგიერთის უკან დაბრუნება შეძლო. 696 შუშის ნეგატივი, რომელიც გადარჩა, სმითსონის ინსტიტუტში ინახება. მისი ფოტოები წარმოადგენს სტილს, რომელსაც ფრანგულად „Type“ ეწოდება და რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსა და მათ საქმიანობას ასახავს, საინტერესოა რეგიონალური ჩაცმულობის, ხელოსნობის, უპირველეს ყოვლისა, პროფესიებისა და რელიგიების შესასწავლად. თავის დროზე ისინი ღია ბარათების („Types Persanes“) სახით იყიდებოდა.

სევრიუგინის ფოტო არქივი საქართველოში

რედაქტირება

ლიტერატურის მუზეუმში ანტუან სევრიუგინის ფოტოების ათეულობით ორიგინალი ინახება. მათი ნაწილი ლადო აღნიაშვილის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოსაა ჩამოტანილი, ნაწილი — ამბაკო ჭელიძის მიერ 1920-იან წლებში შესყიდული. საქართველოში პირველად სევრიუგინი სწორედ ლიტერატურის მუზეუმში, 2011 წლის 28 ივნისს გამოიფინა.

ანტუან სევრიუგინის შემოქმედება ირანელებისათვის ისეთივე მნიშვნელობისაა, რაც ქართველებისთვის ალექსანდრე როინაშვილისა ან დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება