ანრი რუსო
ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (ფრანგ. Henri Julien Félix Rousseau; დ. 21 მაისი, 1844 — გ. 2 სექტემბერი, 1910) — ფრანგი პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც Le Douanier (საბაჟოს თანამშრომელი) მისი სამსახურის გამო. ცხოვრებაში დაცინვის საგანი, ის მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო.
მის საუკეთესო ტილოებზე აღწერილია ჯუნგლების სცენები, მიუხედავად იმისა, რომ თავად საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. გავრცელებული ისტორიები მის მიერ სამხედრო სამსახურისას მექსიკაში მოგზაურობაზე საფუძველს მოკლებულია. მისი შთაგონების წყარო წიგნების ილუსტრაციები და პარიზის ბოტანიკური ბაღი იყო. მის ნამუშევრებში ასევე აისახა ისტორიები, რომლებიც მას მექსიკაში ექსპედიაციაში ნამყოფი ფრანგი ჯარისკაცებისგან ჰქონდა გაგონილი. ეგზოტიკური სცენების გვერდით ასევე ხშირად მეორდება მის ნაწარმოებებში ქალაქისა და მისი გარეუბნების მცირე ზომის ტოპოგრაფიული გამოსახულებები.
მისი მტკიცებით, რუსომ გამოიგონა პორტრეტული პეიზაჟის ახალი ჟანრი, რომელსაც აღწევდა ჯერ ქალაქის სასურველი ნაწილის ხედის ხატვით, შემდეგ კი მასში წინა პლანზე ადამიანის გამოსახვით.