კრისტიანი ჰერავათი (ინდონ. Kristiani Herawati), უფრო მეტად ცნობილია, როგორც ანი იუდჰოიონო (ინდონ. Ani Yudhoyono), ასევე როგორც იბუ ანი (ინგლ. Ibu Ani - დედა ანი); (დ. 6 ივლისი 1952, ჯოკიაკარტა — გ. 1 ივნისი 2019, სინგაპური) — ინდონეზიელი პოლიტიკოსი და საზოგადოებრივი მოღვაწე, პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი 2004 წლიდან 2014 წლამდე.

ანი იუდჰოიონო
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1952(1952-07-06)
დაბადების ადგილი ჯოკიაკარტა
გარდაცვალების თარიღი 1 ივნისი, 2019(2019-06-01)[1] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ეროვნული უნივერსიტეტის საავადმყოფო[1]
მოქალაქეობა  ინდონეზია
განათლება ინდონეზიის ქრისტიანული უნივერსიტეტი და ინდონეზიის ღია უნივერსიტეტი
მამა სარვო ედი ვიბოვო
მეუღლე/ები სუსილო ბამბანგ იუდჰოიონო[2]
შვილ(ებ)ი აგუს ჰარიმურტი იუდჰოიონო და ედი ბასკორო იუდჰოიონო
ჯილდოები Star of the Republic of Indonesia, 2nd class

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტიანი ჰერავატი დაიბადა 1952 წლის 6 ივლისს ჯოკიაკარტაში. 1973 წელს შევიდა ინდონეზიის ქრისტიანული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მესამე კურსზე იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა, რადგან მამამისი სამხრეთ კორეაში დანიშნეს ელჩად და ოჯათან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად. 1976 წელს ცოლად გაჰყვა ინდონეზიის არმიის ახალგაზრდა ოფიცერს სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს. მოგვიანებით ჩაირიცხა ინდონეზიის ღია უნივერსიტეტში, სადაც 1998 წელს მიიღო პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.

2001-2004 წლებში, როდესაც მის ქმარს ეკავა მინისტრების თანამდებობები აბდურაჰმან ვაჰიდისა და მეგავატი სუკარნოპუტრის მთავრობებში, იყო ქალთა ორგანიზაციების აქტივისტი.

2004 წელს გახდა მეუღლის მეგობრების მიერ დაარსებული ინდონეზიის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტი გახდა სუბურ ბუდისანტოსო), აქტიურად უჭერდა მხარს თავის მეუღლეს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მას შემდეგ რაც გახდა ქვეყნის პირველი ლედი, მთელი რიგი კამპანიების ორგანიზატორობა იკისრა. კერძოდ, სათავეში ჩაუდგა კამპანიას პოლიომელიტის წინააღმდეგ[3], ასევე პროექტს „ჭკვიანი ავტომობილი“, რომლის ფარგლებში ჯაკარტაში მოქმედება დაიწყო მოძრავმა ბიბლიოთეკებმა ბავშვებისათვის[4]. დაეხმარა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ აჩეხისა და ნიასის პროვინციებს აღდგენით სამუშაოებში.

2007 წელს ანის პატივისცემის ნიშნად პაპუაში გავრცელებული პეპლების იშვიათ სახეობას ეწოდა Delias kristianiae. ამ პეპლის ერთი ეგზემპლარი აჩუქეს პირველ ლედის, მან კი თავის მხრივ იგი საჩუქრად გადასცა მუზეუმს[5].

2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანისა და მისი მეუღლის ტელეფონები ისმინებოდა ავსტრალიის დაზვერვის მიერ, რამაც გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის[6]. ამავე წლის დეკემბერში ანის სახელი, როგორც დიდი გავლენის მქონე ინდონეზიის პრეზიდენტზე, მოხვდა ვიკილიქსის ბაზაში.

ანი გარდაიცვალა 2019 წლის 1 ივნისს 66 წლის ასაკში, ეროვნული უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, სინგაპურში, სადაც გადიოდა მკურნალობას ლეიკემიაზე[7][8]. იმავე დღეს ყოფილი პირველი ლედის ცხედარი გადაასვენეს სინგაპურიდან ჯაკარტაში, რათა შემდეგ დაეკრძალათ ჯაკარტაში კალიბატის გმირების სასაფლაოზე[9].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ანი იუდჰოიონოს უყვარდა ორქიდეების მოშენება და ფოტოგრაფია. 2015 წელს მისი სახელი უწოდეს ორქიდეების ახალ სახეობას სინგაპურში. თავის 61-ე დაბადების დრეზე მან გამოსცა ორი ილუსტრირებული წიგნი, რომელიც ეძრვნაბოედა ჩიპანასის სასახლის, ინდონეზიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო სასახლის, ბოტანიკურ კოლექციას. ამ წიგნის ფოტოების დიდი ნაწილი თავად პირველ ლედის ეკუთვნოდა.

ანი ცნობილი იყო როგორც ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი, გარდაცვალების მომენტისათვის მას ინსტაგრამზე ჰყავდა 6,4 მლნ გამომწერი[9].

ანის მამა იყო სარვო ედი ვიბოვო, ინდონეზიის ეროვნული არმიის ერთ-ერთი დამაარსებელი და 1965 წლის ტრაგიკული ამბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. დედა - სრი სუნარტი ხადია. გარდა ანისა ოჯახში კიდევ ხუთი შვილი იზრდებოდა. ანის უმცროს ძმას, გენერალ პრამონო ედი ვიბოვოს ეკაა ინდონეზიის არმიის მთელი რიგი მაღალი თანამდებობები პრეზიდენტ სუსილო გამბანგ იუდჰოიონოის დროს, იყო ქვეითი ჯარის შტაბის ხელმძღვანელი.

სუსილოსა და ანის ოჯახში ორი შვილი იზრდებოდა. უფროსი შვილი, აგუს ჰარიმურტი იუდჰოიონო (დ. 1978) ინდონეზიის ეროვნული არმიის გადამდგარი მაიორია. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ იგი გახდა პოლიტიკოსი, 2017 წელს კენჭს იყრიდა ჯაკარტის გუბერნატორის არჩევნებში, მაგრამ წააგო ანის რაშიდ ბასვედანისთან. უმცროსი შვილი ედი ბასკორო იუდჰოიონო (დ. 1980) პოლიტიკოსია, სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს დეპუტატია 2009 წლიდან დემოკრატიული პარტიის სიიდან. ხელახლა აირჩიეს 2014 წელს.

  1. 1.0 1.1 https://www.cnnindonesia.com/nasional/20190531131820-20-400008/ani-yudhoyono-meninggal-dunia
  2. https://www.merdeka.com/peristiwa/sby-pamer-foto-pernikahan-di-facebook.html
  3. „Ibu Negara Beri Vaksin Polio Pertama“. Tempo (ინდონეზიური). 2005-06-28. ციტირების თარიღი: 2019-06-01.
  4. „Ibu Ani Yudhoyono Meluncurkan Mobil Pintar“. liputan6,com (ინდონეზიური). 2005-05-18. ციტირების თარიღი: 2019-06-01.
  5. Rare butterfly species named after Indonesian first lady დაარქივებული 2014-07-27 საიტზე Wayback Machine. . The Daily Star. 14 November 2007
  6. Wright, Jessica (2013-11-21). „Phone tapping SBY's wife 'the last straw'. The Sydney Morning Herald (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-06-01.
  7. Dyaning Pangestika. (2019-06-01) Former first lady Ani Yudhoyono passes away at 67. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 2019-06-01
  8. Passing of Former Indonesian First Lady Ani Yudhoyono. Ministry of Foreign Affairs of Singapore (2019-06-01). ციტირების თარიღი: 2019-06-01
  9. 9.0 9.1 „Former First Lady Ani Yudhoyono Passes Away After Long Battle With Cancer“. Jakarta Globe. 2019-06-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-01. ციტირების თარიღი: 2019-06-01.