ანდრეი ბოლოტოვი (რუს. Андрей Тимофеевич Болотов; დ. 18 ოქტომბერი, 1738 — გ. 16 ოქტომბერი, 1833) — რუსი მეცნიერი, რუსეთში აგრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი და მწერალი.

ანდრეი ბოლოტოვი

დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1738(1738-10-18)[1] [2] ან 7 (18) ოქტომბერი, 1738[3]
დაბადების ადგილი Zaoksky District
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 1833(1833-10-16)[1] [2] ან 4 (16) ოქტომბერი, 1833[3] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი Zaoksky District
დასაფლავებულია ტულის ოლქი
საქმიანობა მწერალი, ფილოსოფოსი, ბიოლოგი, აგრონომი, ბოტანიკოსი, ჟურნალისტი, მემუარისტი და მეცნიერი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა სოფელ დვორიანინოვოში, საშუალო შეძლების ტულელი მემამულის ოჯახში. თავისი ბავშვობა ანდრეიმ ნაწილობრივ სოფელში გაატარა, ნაწილობრივ კი პოლკში, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობდა. ანდრეისაც სამხედრო კარიერა ელოდა. ათი წლის ბიჭუნა იმ დროის წესისამებრ ჩარიცხეს მამამისის პოლკში ჯარისკაცად, რომ შემდგომ ოფიცრის ჩინი მიეღო. თორმეტი წლისამ მან დაკარგა მამა, ორი წლის შემდეგ დედაც გარდაეცვალა. განათლება ბოლოტოვმა შინა მასწავლებელთან მიიღო. მაგრამ ცოდნის წყარო მისთვის მაინც წიგნები იყო. შრომისმოყვარე, მიზანსწრაფი და ცნობისმოყვარე ბლოტოვი სულ მალე თავისი დროისთვის ერთ-ერთი განათლებული პიროვნება გახდა.

მოღვაწეობა და საქმიანობის სფერო

რედაქტირება

1755 წელს ბოლოტოვი შევიდა მოქმედი არმიის რიგებში, მონაწილეობდა შვიდწლიან ბრძოლებში. 1762 წელს ანდრეი ტიმოთეს ძე რუსეთში დაბრუნდა. პეტრბურგში მეფის კარზე მას ადვილად შეეძლო კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც შემდგომ წერდა, მას ჰქონდა საშუალება საკუთარი თვალით ეხილა მეფის კარი და ყოველივე რაც იქ ხდებოდა. ნახა დიდებულთა ცხოვრება და შეიძულა ყოველივე. ბოლოტოვმა თავი მიანება სამსახურს და თავის მამულს დაუბრუნდა. მას დიდი სურვილი ჰქონდა სარგებლობა მოეტანა ხალხისითვის, ამიტომ გატაცებით მიჰყო ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმეს, მეცნიერულ კვლევებს მემცენარეობის, მეცხოველეობის დარგში, შეუდგა მეცნიერულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

ბოლოტოვმა 80 წელზე მეტი გაატარა სოფლად, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სახელი გაეთქვა რუსეთში და საზღვარგარეთაც, როგორც საუკეთესო ლიტერატორს და აგრონომს. ჟურნალებს და წიგნებს, რომელსაც ის ნოვიკოვთან ერთად გამოსცემდა, რუსეთის მთელი ინტელიგენცია კითხულობდა. მის კალამს ეკუთვნის 300-მდე სულ სხვადასხვა ხასიათის ნაშრომი, მათ შორის მეტად საინტერესო ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ცხოვრება და თავგადასავალი ანდრეი ბოლოტოვისა აღწერილი მის მიერ შთამომავლობისათვის“.

თავის მეცნიერულ კვლევებში ბოლოტოვი იყენებდა რუსი გლეხის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და მეცნიერები ყველა მიღწევას. ის თვითონაც ატარებდა ცდებს. ბოლოტოვი საათობით ესაუბრებოდა ხოლმე გლეხებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე და ბევრ რამესაც სწავლობდა მათგან. ბოლოტოვი იზიარებდა გლეხების აზრს, რომ კოწახური აავადებდა მარცვლეულს ჟანგათი. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულში დარწმუნდნენ მეცნიერები გლეხთა ამ მოსაზრების სისწორეში. მრავალი ცდის შედეგად ბოლოტოვი დარწმუნდა, რომ ვაშლის ხეთა ტოტების ჩაზნექა აჩქარებს მათ გადასვლას მსხმოიარობის პერიოდში. ბოლოტოვმა საფუძველი ჩაუყარა სწავლებას მიწათმოქმედების, თესლბრუნვის, ნიადაგის დამუშავების წესების, კულტურულ მცენარეთა თესვისა და სარეველებთან ბრძოლის შესახებ.

ის ცდილობდა მეცნიერულად დაესაბუთებინა აგრონომიის წესები, შეექმნა სწავლება მცენარეთა კვების შესახებ. იმ დროს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მცენარეები იკვებებიან მხოლოდ წყლით და გარდაქმნიან მას საკუთარი ორგანიზმის შემადგენელ სხვადასხვა ნივთიერებებად. ბოლოტოვი უარყოფდა ამ თეორიას. „სხვადასხვა ნიადაგზე მცენარეთა ზრდა განსხვავებულად მიმდინარეობს, თუმც წყალი ყველგან ერთნაირ მდგომარეობაშია“.

ბოლოტოვის მოსაზრებანი მცენარეთა ფესვით კვებაზე მეტად ჰგავდა XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მოწინავე მეცნიერთა წარმოდგენებს ამ საკითხზე. მას მიაჩნდა, რომ ნაკელში მცენარეთა და ცხოველთა ნარჩენებში არის „ნაყოფმომცემი მარილი“, რომელიც ზრდის მოსავალს. მაგრამ „მარილის ნამცეცები“ მისი აზროთ მხოლოდ მას შემდეგ ხდებიან სასარგებლონი, როცა ნაკელი და ორგანული ნარჩენები გაიხრწნებიან ლპობის პროცესში.

ბოლოტოვი გამოთქვამდა სწორ შეხედულებებს მცენარეთა კვებაში ჰაერისა და ფოთლების მონაწილეობის შესახებ. ის წერდა, მაგალითად, რომ „ხეების დარგვისას ხეზე ფოთლების ნაწილი უნდა დატოვონ, რაათა დარგვისთანავე მათ განაგრძონ მოქმედება და ხე ჰაერით კვებონ ისევე, როგორც კვებავენ მას მიწის წვენითა და ტენით.“

 
ანდრეი ბოლოტოვი. ზუსტი გამოსახულება ოთახისა,სადაც წერდა წიგნს 1789 წლიდან 1790 წლამდე.

ბოლოტოვი იყო ფუძემდებელი სწავლებისა ნიადაგის განოყიერების შესახებ. მაშინ მინერალური სასუქები ჯერ არ არსებობდა, სასუქებად იყენებდნენ მხოლოდ ნაკელს, ტორფს, ლამს, ნაცარსა და კირს. თითქმის 200 წლის წინათ ის წერდა იმ შეკრულ წრეზე, რომელშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე აგრონომი სასუქების გამოუყენებლობის შედეგად: უსასუქოდ მოსავალი დაბალია, დაბალი მოსავლის დროს კი არა არის სამყოფი საკვები, შეუძლებელი ხდება ბევრი საქონლის შენახვა, მეურნეობა ნაკელს მცირე რაოდენობით იღებს, ხოლო ნაკელის სიმცირე იწვევს მოსავლიანობის დაცემას. ამასთან დაკავშირებით ბოლოტოვი მიუთითებდა მცენარეთა და ცხოველთა განვითარების გარკვეული პროპორციულობის დაცემის უცილობაზე. ბოლოტოვის მრავალ ნაშრომში „მიწათა გამოსწორებისა და განოყიერების შესახებ“ ჩვენ ვხვდებით უამრავ რცევას, როგორ დავამზადოთ, როგორ გამოვიყენოთ ნაკელი, ტორფი, ნაცარი, კირი და სხვ.

ნაყოფისა და მეყვავილეობის დიდი მცოდნე ბოლოტოვი გვასწავლიდა ბაღების გაშენებას, ხეხილის სანერგეთა მოწყობას, ხეთა მყნობას, ხეების მსხმოიარობის პერიოდში გადასვლის დაჩქარებას და ა.შ. მან შეიმუშავა დიდი ხეების გადანერგვის ხერხები. ბოლოტოვს გამოწერილი ჰქონდა თესლების ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამის საფუძველზე შექმნა თესლთა საუკეთესო კოლექცია - ნამდვილი ბოტანიკური ბაღი. ვაშლისა და მსხლის ხეების სხვადასხვა ჯიშების საუკეთესო მცოდნემ, ბოლოტოვმა შექმნა მსხმოიარე მცენარეთა ჯიშების გარკვევის მსოფლიოში პირველი სახელმძღვანელო - „პომოლოგია“. ამ წიგნში მან აღწერა ვაშლის 601 ჯიში, მსხლის 39 ჯიში. აღწერას თან ერთვოდა ფერადი ნახატებიც.

ბოლოტოვმა დააარსა მეცნიერული „ფენოლოგია“ - მეცნიერება ბუნებაში სეზონურ მოვლენათა ცვლაზე. ის მრავალი წლის მანძილზე აკვირდებოდა სხვადასხვა სელექციის გზით კულტურულ მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანა. ბოლოტოვი იკვლევდა მცენარეთა განაყოფიერების საკითხებს და ნაიტსა და დარვინზე ადრე დაადგინა, რომ ჯვარედინი დამტვერვის შედეგად მიიღება უფრო სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა, ვიდრე თვითდამტვერვისგან, შეისწავლა ჯვარედინი დამტვერვისათვის მცენარეთა მომზადების ხერხები (ყვავილტა სხვადასხვა ფორმები ორსქესიან ყვავილებში სხვადასხვა დროს მომწიფდება). მან პირველმა აღნიშნა მწერების როლი მტვერის გადატანისას.

მარავლი სასარგებლო სტატია დაწერა ბოლოტოვმა მეტყევეობის დარგში. იმის შესახებ, თუ როგორ გავამრავლოთ ხე, როგორ დავრგათ, როგორ მოვუაროთ და გამოვიყენოთ იგი. მაგრამ ამ შესანიშნავი ადამიანის ინტერესები მხოლოდ სოფლის მეურნეობიტ როდი ამოიწურებოდა. ის ატარებდა ფიზიკურ ცდებს, კურნავდა გლეხებს, ბევრს ხატავდა, წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ თხზულებებს, წერდა და დგამდა პიესებს თავის საშინაო თეატრში.

52 წლის მანძილზე ბოლოტოვი აკვირდებოდა ამინდსა და მცენარეთა განვითარებას. მას ძალიან უყვარდა მუშაობა მიკროსკოპით - სწავლობდა მცენარეთა აგებულებას, აკვირდებოდა სხვადასსხვა მარცვლების კრისტალებს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოტოვისგან ჩვენ თითქმის 100 წელი გვაშორებს, მისი შრომები დიდ სარგებლობას მოუტანს ყველას, ვისაც უყვარს ბუნება, მისდევს სოფლის მეურნეობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საბავშვო ენციკლოპედია, თბ. 1973 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება