ანგკორ-ვატი
ანგკორ-ვატი — ინდუისტური ტაძარი კამბოჯაში, ანგკორ-თომის მახლობლად. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობა. შედის ანგკორის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში. იგი აგებულია ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში, სურიავარმან II-ის დროს, რომელიც აქვე უნდა იყოს დაკრძალული. შემდეგ იყენებდნენ ბუდისტები. XV საუკუნიდან აღარ მოქმედებს. ანგკორ-ვატის კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. მისი ფართობია 2 კვ.კმ.
ანგკორ-ვატის მშენებლობას მეფე სურიავარმან II მას შემდეგ შეუდგა, რაც მან პოზიციები გაიმყარა სამხედრო კამპანიის, დიპლომატიისა და მტკიცე შინაგანი ადმინისტრაციის დახმარებით. სურიავარმანმა კჰმერის მეფეთა ტრადიცია დაარღვია და (სავარაუდოდ ინდოეთის გავლენით, სადაც ამ დროს ვიშნავიზმი წამოვიდა წინ) ტაძარი ვიშნუს მიუძღვნა (და არა შივას). XIII ს-დან დღემდე კი ტაძარი ბუდისტურია.
ანგკორ-ვატი ინდუისტური კოსმოლოგიის გრანდიოზული განსახიერებაა: მისი ცენტრალური კოშკები მერუს მთას, ღმერთების სახლს განასახიერებენ, ხოლო გარეთა კედლები _ მის გარშემო მყოფ სამყაროს. ტაძარი, რომელიც კჰმერის არქიტექტურის მაღალი კლასიკის წარმომადგენელია, კამბოჯის სიმბოლოდ იქცა და მის დროშაზეც კია გამოსახული.
ანგკორის ტაძრების უმეტესობისგან განსხვავებით, ანგკორ-ვატი დასავლეთისკენ არის ორიენტირებული, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ სურიავარმანმა ტაძარი თავისი სულის მოსახსენებლად ააგო. ამ შეხედულებას განამტკიცებს ისიც, რომ რელიეფები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით არის განლაგებული, რაც ჩვეული თანმიმდევრობის დარღვევაა. თუმცა ანგკორის კომპლექსის რამდენიმე სხვა ტაძარსაც აქვს დასავლეთის ორიენტაცია და მეორე ვერსიით ეს შეიძლება იმას დავუკავშიროთ, რომ ისინი მიძღვნილია ვიშნუსადმი, რომელიც, გარკვეულწილად, დასავლეთთან იყო დაკავშირებული.
ანგკორ-ვატი კჰმერის არქიტექტურის იმ სტილის ჩინებული მაგალითია, რომელსაც ანგკორ-ვატის სტილს უწოდებენ. XII ს-სთვის კჰმერის არქიტექტორები ძირითად საშენ მასალად იყენებდნენ ქვიშაქვას. მთავარი ნაწილები სწორედ ქვიშაქვითაა ნაგები და ლატერიტი მხოლოდ გარეთა კედლისთვის და დაფარული სტრუქტურული ნაწილებისთვის გამოიყენებოდა.
ტაძარი დგას ქალაქის დონიდან ამაღლებულ ტერასაზე. ის გარშემორტყმულია სამი მართკუთხა გალერეით, რომელთაგან ყოველი მომდევნო წინაზე მაღალია. გალერეის კუთხეებში აღმართულია ოთხი გოპურა (კოშკურა), ხოლო ორი შიდა გალერეის კუთხეებში ასევე დგას გოპურები, რომლებიც ცენტრალურ კოშკურასთან ერთად კამათელზე დაწერილი ხუთიანის ფორმას ქმნიან.
ანგკორ-ვატის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არქიტექტურასთან სინთეზში მყოფი დეკორია, რომლის ძირითადი ნაწილი რელიეფურ ფრიზებს წარმოადგენს. გარეთა გალერეის შიდა კედლები მორთულია რელიეფების მთელი სერიით, რომელიც ძირითადად მაჰაბჰარატასა და რამაიანას (ინდუისტური თხზულებების) ილუსტრაციას წარმოადგენს. აღმოსავლეთ გალერეაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა "რძის ზღვის ამღვრევა", რომელზეც გამოსახულია 92 ასურა და 88 დევა. მათ შორის არის ვიშნუ, მის ქვეშ კუ (ვიშნუს ავატარი), ხოლო ზემოთ ასპარა და ინდრა.
ამ რელიეფს მოსდევს "ვიშნუ, რომელიც ამარცხებს ასურებს". ჩრდილოეთის გალერეა წარმოგვიდგენს კრიშნას გამარჯვებას ბანაზე და ინდუისტური ღმერთების ბრძოლას ასურებთან. ტაძრის კედლებზე შესრულებულია ასევე რელიეფები, რომლებიც კარის ცხოვრების სცენებს გადმოგვცემენ. ერთ-ერთ მათგანში თავად მეფეა გამოსახული. შემაღლებულ ტახტზე ფეხმორთხმით მჯდარს მიღების საათები აქვს, ხოლო მონა ქალები მარაოებითა და მზის ქოლგებით აგრილებენ.
-
ანგკორ–ვატის ხედი 1880 წელს.
-
ანგკორ–ვატის ხედი კოსმოსიდან
-
ხედი ზემოდან
-
ხედი ზემოდან
-
ხედი ზემოდან
-
ანგკორ–ვატის ისტორიული ფოტო
-
მინიატურული ანგკორ–ვატი
-
ანგორ–ვატის ხედი საღამოს
-
ანგორ–ვატის ხედი დღისით
-
რელიეფი ანგკორ–ვატიდან
-
ვიშნუს რელიეფური გამოსახულება ანგკორ–ვატზე
-
რელიეფური გამოსახულება ანკორ–ვატის კედელზე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) მორის გლეიზის Guide to the Angkor Monuments
- ფოტო სპუტნიკიდან
- ანგკორ–ვატის ვირტუალური მოდელი
- ანგკორ–ვატის გზამკვლევი დაარქივებული 2013-10-28 საიტზე Wayback Machine.
- ანგკორ–ვატი
- ანგკორ–მედია–ინფო დაარქივებული 2014-07-01 საიტზე Wayback Machine.
- ანტიკური ანგკორ–ვატის ურბანიზაცია
- დევატა დაარქივებული 2010-04-23 საიტზე Wayback Machine.
- ლაზერული კვლევა ანგკორ–ვატის ირგვლივ
- დიდებული ანგკორი დაარქივებული 2015-04-22 საიტზე Archive-ItCategory:Webarchive template other archives
- რძის ოკეანეში
- ანგკორის მონუმენტი
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
- BBC–ის ჰორიზონტი
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 668 ინგლ. • რუს. • ფრ. |