ანგკორ-თომი
ანგკორ-თომი — კამბოჯის დედაქალაქი XII საუკუნიდან XV საუკუნის I ნახევრამდე (თანამედროვე პროვინცია სიემრეაპის ტერიტორიაზე). აშენდა ჯაიავარმან VII-ის დროს, XII საუკუნის ბოლოს. 1431 წელს ანგკორ-თომი დაიპყრეს სიამელებმა. ამ დროიდან დაიწყო მისი დაცემა. ამჟამად მკვდარი ქალაქია. შედის ანგკორის არქიტექტურულ კომპლექსში.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ლატერიტისგან ნაგები კედლით იყო გარშემორტყმული და ჰორიზონტის ოთხივე მხარეს ჰქონდა მასშტაბური კარიბჭეები, რომელთაგანაც ქალაქის მთავარი ტაძრისკენ ოთხი გზა მიემართებოდა. ის მასობრივი მშენებლობები, რომლებიც ჯაიავარმანმა განახორციელა, სახელმწიფო რელიგიად მაჰაიანას ბუდიზმის (ინდუიზმის ნაცვლად) გამოცხადების თანმხლები მოვლენა იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მეფემ თავად მიიღო ბუდიზმი. ჯაიავარმანის მმართველობის პერიოდში ინდუისტური ტაძრები გადაკეთდა ბუდისტურად და, შესაბამისად, ანგკორ-ვატიც ბუდისტურ სალოცავად იქცა. მისი სიკვდილის შემდეგ ინდუზმი დროებით აღდგა მანამდე, სანამ XIV ს-ში თერავადას ბუდიზმმა არ დაიკავა გაბატონებული მდგომარეობა.
ანგკორ-თომის გეოგრაფიულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ბაიონის ტაძარი, რომლის ყველაზე გამორჩეული ნიშანი მასიური ქვის სახეების სიმრავლეა მრავალ კოშკზე, რომლებიც მისი ცენტრალური ნაწილის გარშემოა განლაგებული. ტაძარი ასევე ცნობილია თავისი რელიეფებით, რომლებიც წარმოგვიდგენენ მოთოლოგიური, ისტორიული და საერო სცენების უჩვეულო კომბინაციას.
ბაიონი კჰმერის არქიტექტურის ბაროკალური სტილის ყველაზე განსაცვიფრებელი წარმომადგენელია და უპირისპირდება ანგკორ-ვატის კლასიკურ სტილს. თავად ტაძარს გარს აკრავს სამი გალერეა, ორი ქვედა დონეზე, ხოლო მესამე _ უფრო ზემოთ. სამივე მათგანი ერთმანეთისგან ძალიან მცირე მანძილით არის დაშორებული. განსხვავებით ანგკორ-ვატისგან, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს მასშტაბური არქტექტურითა და ღია სივრცეებით, ბაიონი თითქოს ჩარჩოშია მოქცეული, რომელიც მისთვის მეტისმეტად ვიწროა.
გარდა ბაიონისა, ჯაიავარმანმა ააგო კარგად ცნობილი ტა პროჰმისა და პრეაჰ კჰანის ტაძრები, რომლებიც თავის მშობლებს მიუძღვნა.
ტა პროჰმის ტაძარი ანგკორ-თომიდან დაახლ. ერთი კილომეტრით არის დაშორებული აღმოსავლეთ მხარეს და ის ბაიონის სტილითაა ნაგები. ანგკორის ტაძრების უმრავლესობისგან განსხვავებით, ტა პროჰმს თითქმის ისეთივე სახე შეუნარჩუნეს, როგორიც აღმოჩენის მომენტში ჰქონდა: ხეების უნცაური ჯიშები (რომელთა იდენტიფიცირებაც დავის საგანია), რომლებიც ნანგრევებზე იზრდება და ჯუნგლები, რომლებიც გარს არტყია ტაძარს, ტურისტებს შორის ანგკორის კომპლექსს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად აქცევენ.
ტა პროჰმი კჰმერის "ბრტყელი" სტილის ტაძრების ტიპური მაგალითია. ეს "ტაძარი-მთის" სტილის საპირისპირო ვარიანტია. ტა პროჰმის ცენტრალურ ტაძარს გარს ხუთი მართკუთხა ზღუდე აკრავს. ოთხივე მხარეს გარეთა გალავნის შესასვლელებში განლაგებულია გოპურები, თუმცა დღესდღეობით შესვლა მხოლოდ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან არის შესაძლებელი.
ტაძრის სამ შიდა ზღუდეს გალერეები ამკობენ, ხოლო პირველი ზღუდის კუთხის კოშკები მთავარ ტაძართან ერთად კამათელზე დაწერილი ხუთიანის ფორმას ქმნიან. ამ გეგმაში დამატებულია რამდენიმე შენობა, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკები (ამ ტიპის შენობებს ანგკორში ბიბლიოთეკები პირობითად დაარქვეს, სინამდვილეში კი მათი ფუნქცია უცნობია); სატელიტი ტაძრები; მოცეკვავეთა დარბაზი და ცეცხლის სახლი (ვარაუდობენ, რომ მას მოგზაურები იყენებდნენ დასასვენებლად).
ტა პროჰმი, ანგკორ-ვატთან და ანგკორ-თომთან შედარებით, ღარიბია თხრობითი ხასიათის რელიეფებით. ერთ-ერთი ვერსიით ბუდისტური ხელოვნების ნიმუშები ჯაიავარმანის სიკვდილის შემდეგ ინდუისტებმა გაანადგურეს, თუმცა ბუდისტური მითოლოგიური სცენების ზოგიერთი გამოსახულება მაინც შემორჩა. ერთ-ერთი ძალიან დაზიანებული რელიეფი გამოხატავს სიდჰარტჰას (მომავალი ბუდას) "დიდ განშორებას" მამამისის სასახლესთან. რელიეფებში ასევე გვხვდება მედიტაციაში მყოფი ბერებისა და ასკეტების, დევატებისა და ტაძრის მცველთა გამოსახულებები.
ჯაიავარმანის მიერ მშობლებისათვის მიძღვნილი მეორე ტაძარი _ პრეაჰ კჰანი _ ანგკორ-თომის უკიდურეს ჩრდილოეთშია განლაგებული. ტა პროჰმის მსგავსად ისიც თითქმის ხელუხლებლად დატოვეს და აქაც უამრავი ხე და სხვა მცენარე იზრდება ნანგრევებზე. ტაძარი "ბრტყელი" სტილისაა და მისი გეგმა ძალიან ჰგავს ტა პროჰმისას. პრეაჰ კჰანშიც გვხვდება ქვაზე კვეთის ნიმუშები. საინტერესოა მეოთხე ზღუდის კედელზე გამოსახული გარუდა (ფრინველის მსგავსი არსება ბუდისტურ და ინდუისტურ მითოლოგიაში), რომელსაც ხელში უჭირავს ნაგა (ბუდიზმსა და ინდუიზმში გველისმაგვარი არსება). ზემოთა ნაწილში ნიშებში განთავსებული იყო ბუდას გამოსახულებები, რომლებიც ჯაიავარმანის სიკვდილის შემდეგ დაწყებული ანტიბუდისტური მოძრაობისას გაანადგურეს.
ანგკორ-თომის კიდევ ერთი ღისშესანიშნაობა იყო სპილოების ტერასა. ჯაიავარმანი მას პლატფორმად იყენებდა, რომლიდანაც თვალს ადევნებდა თავისი ძლევამოსილი ჯარის დაბრუნებას. ტერასის სახელწოდება მომდინარეობს მის აღმოსავლეთ მხარეს შესრულებული სპილოების რელიეფებიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 437.