ანანურის პირველი საცხოვრებელი სახლი

ანანურის პირველი საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურში, ხუროთმოძღვრული ანსამბლის აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ეკუთვნოდა ვინმე ლაზრიევს.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შენობა შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისგან, რომლებსაც ეზოს მხარეს ხის გადახურული აივანი გასდევს. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად სახლი მიტოვებულია. მისი ერთი ფრთა სახურავის გარეშეა და ნგრევის პირასაა მისული. ფრთებს შორის მოქცეულ ეზოს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ნატეხი ქვით ნაგები მაღალი კედელი ფარგლავს, რომლის აღმოსავლეთ კედელში კარია გაჭრილი. გეგმით ორივე სართული ერთნაირია. ორივე ფრთაში ორ-ორი ოთახია. ოთახებში შესასვლელი აივნიდანაა. აივანზე გამოდის ყველა ფანჯარა. შენობის დანარჩენი კედლები ყრუა. მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრთის მეორე სართულის აღმოსავლეთ ოთახს აღმოსავლეთით კარი და ორი ფანჯარა აქვს, რომლებიც ამ მხრიდან მიშენებულ ხის ღია აივანზე გადის. მეორე სართულზე ასასვლელად ეზოდან, ფრთების შეერთების ადგილას, ხის ორმარშიანი კიბეა მოწყობილი. კიბე აივანზე ამოდის. აივნის ერთ ბოლოში საპირფარეშოა, მეორე ბოლოში კი - კედელში მოწყობილი სხვენზე ასასვლელი კიბის შესასვლელი. სხვენზე ასასვლელი მეორე კიბე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრთის ოთახების გამმიჯნავ კედელშია. ამავე ფრთაში საკმაოდ ღრმა სარდაფია, რომელსაც ეზოს მხარეს ქვის კიბე და ორი პატარა ფანჯარა აქვს. ოთახების გასათბობად ბუხრებია გამოყენებული. ოთახებში მაღალი და განიერი თახჩებია.

სახლის ფასადებიდან მხოლოდ ეზოს მხარეს მოქცეული ფასადია მორთული. ფასადზე მეორე სართულის შესასვლელებსა და ფანჯრებს ორსაფეხურიანი ნახევარწრიული თავსართები აქვთ, რომელთა ქუსლებს მსგავსი პროფილის თარო აკავშირებს. აივნის გადახურვა დაყრდნობილია კაპიტელებით დასრულებულ ხის სვეტებზე. მოაჯირი შევსებულია რიკულებით. სართულშუა გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე, სახურავი - ხის ნივნივებზე. სახლს თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება