ანამიტის ქედი

(გადამისამართდა გვერდიდან ანამის მთები)

ანამიტის ქედი, ანამის მთები, ჩიონგშონი (ლაოს. ພູ ຫລວງ; ვიეტ. Dãy Trường Sơn) — ქედი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ლაოსში, ვიეტნამსა და კამბოჯაში. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1100 კმ-ზე, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 130 კმ-ზე.[1]

ანამიტის ქედი
კოორდინატები: 18°35′30″ ჩ. გ. 103°48′00″ ა. გ. / 18.59167° ჩ. გ. 103.80000° ა. გ. / 18.59167; 103.80000
ქვეყანა ლაოსის დროშა ლაოსი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
კამბოჯის დროშა კამბოჯა
უმაღლესი წერტილი ფუ-ბია
სიმაღლე 2819 
სიგრძე 1100 კმ
სიგანე 130 კმ
ანამიტის ქედი — ლაოსი
ანამიტის ქედი

მაქსიმალური სიმაღლე 2819 მ (მთა ფუ-ბია). სხვა მთებიდან აღსანიშნავია ფუ-შაი-ლაი-ლენგი (2720 მ) და ნგოკ-ლინი (2598 მ). ეს უკანასკნელი განლაგებულია ტრიასული ნალექებით აგებული კონ-ტუმის მასივის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე ცენტრალურ ვიეტნამში.[2] მნიშვნელოვანი უღელტეხილებია ნაპე (722 მ) და მუ-ზია (418 მ), რომლებზედაც საავტომობილო გზები გადადის.

დასავლეთი კალთა დამრეცია და საფეხურებრივად დაბლდება მდინარე მეკონგის ხეობისაკენ; აღმოსავლეთი კალთა მოკლეა და ციცაბოდ აწყდება სამხრეთ ჩინეთის ზღვას. ანამიტის ქედი იყოფა სამ ძირითად: ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილად.[3]

დამახასიათებელია რთული გეოლოგიური აგებულება. ჩრდილოეთით გავრცელებულია კირქვები, ქვიშაქვები, გრანიტები და გნაისები, სამხრეთ ნაწილშია განიერი ხეობებით დასერილი ფართო კრისტალური და ბაზალტური ლავური პლატოები, რომელთა შორის გამოიყოფა ბოლავენი, კონ-ტუმი და და-ლატი. ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული კარსტია განვითარებული.[4]

დასავლეთ კალთებზე იზრდება მეჩხერი ფოთოლმცვივანი ტყე, აღმოსავლეთით ნოტიო ტროპიკული და წიწვოვანი ტყეა. ანამიტის ქედის ფარგლებშია მრავალრიცხოვანი ისტორიული, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები. აქვეა ფუ-მატის ეროვნული პარკი.[5]

  1. Lê Bá Thảo. Thiên nhiên Việt Nam (ấn bản 6). Hà Nội: Nhà xuất bản Giáo dục. 2009
  2. Southern Annamites montane rain forests
  3. Journal of the Lepidopterists' Society
  4. Lê Bá Thảo. Việt Nam - Lãnh thổ và Địa lý. Hà Nội: Nhà xuất bản Thế giới. 2001
  5. The Case of Pu Mat National Park in Vietnam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-11. ციტირების თარიღი: 2023-02-11.