ანაზარბოსი

(გადამისამართდა გვერდიდან ანაზარბი)

ანაზარბოსი[1] (ბერძ. Ἀναζαρβός, ლათ. Anazarbus), ანაზარბა (ბერძ. Ἀνάζαρβα) — ყოფილი ქალაქი კილიკიაში (ანატოლია), რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაულ და ბიზანტიურ პერიოდებში. განლაგებულია დღევანდელი თურქეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. პირველი დასახლება აქ რომაელებმა შექმნეს ახ. წ. 19 წელს, ავგუსტუსის ვიზიტის შემდეგ (ეწოდა ლათ. Caesarea ad Anazarbum). III საუკუნეში ანაზარბოსი კილიკიის პროვინციის დედაქალაქ თარსუსთან მეტოქეობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს გახდა ახალი პროვინციის — კილიკია-სეკუნდას ცენტრი. ბიზანტიის იმპერიაში საარქიეპისკოპოსო იყო. VI საუკუნეში მიწისძვრამ დაანგრია. ხელახლა აშენდა ჯერ როგორც იუსტინოპოლი, ხოლო შემდეგ როგორც იუსტინიანოპოლი.[2]

ანაზარბოსი
ბერძ. Ἀναζαρβός, ლათ. Anazarbus

ზედა ქალაქი
ანაზარბოსი — თურქეთი
ანაზარბოსი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 37°15′50″ ჩ. გ. 35°54′20″ ა. გ. / 37.26389° ჩ. გ. 35.90556° ა. გ. / 37.26389; 35.90556
ისტორია
დაარსების დრო 19
პერიოდები რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, კილიკიის სომეხთა სამეფო
მიტოვების დრო 1374
ანაზარბოსი ვიკისაწყობში

მუსლიმთა მიერ დაპყრობის შემდეგ აინ-ზარბაჰი უწოდეს. ამ პერიოდში ქალაქმა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა შეინარჩუნა. დაახლოებით 962 წელს იგი ბიზანტიას დაუბრუნდა ნიკიფორე ფოკას მიერ. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გაუკაცრიელდა. XII საუკუნის დასაწყისში კილიკიის სომეხთა სამეფოს დედაქალაქი გახდა და ანავარზა ეწოდა. 1374 წელს ეგვიპტელმა მამლუქებმა საბოლოოდ გაანადგურეს.[2]

ანაზარბოსის ნანგრევებში დგას ბიზანტიურ-სომხური ციხესიმაგრე — კილიკიის საუკეთესო შუასაუკუნოვანი ძეგლი. ასევე შემორჩენილია რომაული ტრიუმფალური თაღი, თეატრი, სტადიონი, ამფითეატრი, აკვედუკები და რამდენიმე ბიზანტიური ეკლესიის ნანგრევები.[2]

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 31.
  2. 2.0 2.1 2.2 Anazarbus. Encyclopedia Britannica online (15 სექტემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2022