ამღის სვეტისანგელოზის ჯვარი

სვეტისანგელოზის ჯვარი, იახსარ სვეტად ჩამოსულის ჯვარი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სოფელ ამღასთან ახლოს. ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, ბეღელი, „დროშათ საბძანი“ კოშკი, საზარე კოშკი და გალავანი.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

დარბაზი გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. კარს ზემოთ გარედან ოთხკუთხა ნიშია, რომელშიც ზარი კიდია. შიდა სივრცე ტიხრით ორადაა გაყოფილი. მათგან შედარებით მოზრდილი ნაწილის ცენტრში კერაა მოწყობილი, ხოლო ჩრდილოეთ კედელში ორი თახჩაა, ხოლო მეორე ნაწილის დასავლეთ კედელში სარკმელი და თახჩაა მოწყობილი. შენობა გადახურულია სიპების ორფერდა სახურავით.

ბეღელი ფიქლის ქვის მშრალი წყობით ნაშენი ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელსაც ორფერდა საფეხუროვანი სახურავი აქვს. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. გარედან კარს ზემოთ თაროა, თაროს ზემოთ კი — ოთხკუთხა ნიში, რომელშიც ზარი კიდია. შესასვლელის მარცხენა მხარეს ეგრეთ წოდებული „საგანძე სიპია“, მის უკან, ახლოს „დროშათ საბძანი“, რომელიც გეგმით კვადრატული მცირე ზომის ყრუ კოშკურა ნაგებობაა და ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით.

ასეთივე ნაგებობაა ბეღლის მეორე მხარეს, რომელსაც ძველ „დროშათ საბძანს“ უწოდებენ. ბეღელს სიპების ორფერდა სახურავი აქვს.

საზარე კოშკი ფიქლის მშრალი წყობით ნაგები გეგმით ოთხკუთხა ყრუ ნაგებობაა, აქვს ორფერდა გადახურვა.

გალავანი წრიული ფორმისაა, ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია ნაწილობრივ.

ლიტერატურა

რედაქტირება