ჟოზეფ დე ბაი

(გადამისამართდა გვერდიდან ამურ ბაი)

ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო, ბარონ დე ბაი (ფრანგ. Amour-Auguste-Louis-Joseph Berthelot; დ. 31 იანვარი, 1853, პარიზი — გ. 3 ივნისი, 1931, იქვე) — ფრანგი არქეოლოგი. აღმოაჩინა პტი მორენის ველის მღვიმეები და გამოიკვლია მარნისა და კოტ-დ’ორის მრავალი ნევროპოლი. თავისი აღმოჩენები და გამოკვლევანი შეაჯამა ნაშრომში "პრეისტორიული არქეოლოგია" (1880).

ჟოზეფ დე ბაი
დაბ. თარიღი 31 იანვარი, 1853(1853-01-31)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი former 1st arrondissement of Paris[4] ან პარიზი[5]
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 1931(1931-06-03)[1] [3] (78 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა არქეოლოგი, ისტორიკოსი, ფოტოგრაფი და მოგზაური[5]
ალმა-მატერი Collège de l'Immaculée-Conception
მეუღლე მარი-ბეატრის დე ბაი
შვილ(ებ)ი Yolande de Baye
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, officier de l’Instruction publique, კარლოს III-ის ორდენის კომანდორი, რუმინეთის გვირგვინის ორდენის ოფიცერი, Order of Saint James of the Sword, იტალიის გვირგვინის ორდენის კავალერი და Royal Order of Vasa

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბარონ დე ბაის პირველი მოგზაურობა საქართველოში 1897 წლით თარიღდება, რასაც ციმბირის ორთვიანი მივლინებიდან მოსკოვში დაბრუნებული ფრანგი არქეოლოგი მეგობარმა გრაფმა სერგეი შერემეტიევმა, საქართველოში, კახეთში დაპატიჟა. აღნიშნული ასახულია გაზეთ „ივერიაში“, რომელშიც წერია: „ამ ჟამად ტფილისში იმყოფება საფრანგეთის საერო განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი არქეოლოგი ბარონი დე-ბაი...[6]“. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩასული, კარდანახში რთველს დაესწრო. დასასრულს ის დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. სულ მისი საქართველოში ყოფნა 2 თვე გაგრძელდა. მეორედ ის 1898 წლის სექტემბერში ჩამოვიდა. კახეთში დაესწრო ალავერდობის დღესასწაულს. თავის მეგობარ ჰუგო კრაფტთან ერთად გაემგზავრა და დაათვალიერა ეჩმიაძინი. საიდანაც დაბრუნებულმა მოიარა შიდა ქართლი. მესამედ ის 1899 წლის ივლისში ჩამოვიდა და გაატარა 2 თვე. გადაიღო ფოტოების სამი სერია: ტფილისში, სამტრედიასა და სალხინოში. მეოთხედ 1900 წელს ჩამოვიდა და ესტუმრა მცხეთას. 1901 წელს ჩამოსული ის დაესწრო რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილეს. 1903 წელს ჩამოსული სოხუმში გაემართა სადაც მას თედო სახოკია ელოდებოდა. ბარონ დე ბაი საქართველოს უკანასკნელად 1904 წელს ესტუმრა.

დე ბაი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს და დაუახლოვდა ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთლს და სხვა ქართველ მოღვაწეთ. პარიზში მრავალი ლექცია წაიკითხა საქართველოს შესახებ, გამოსცა წიგნები: "საქართველოში" (1898), "კავკასიონის ქედის სამხრეთით" (1899),"კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით" (1899),"თბილისი" (1900),"იმერეთში" (1902),"აფხაზეთში" (1904) და სხვა, რომლებშიც ასახა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებანი და ეთნოგრაფიული დაკვირვებანი, გამოაქვეყნა აგრეთვე საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე თქმულება და გადმოცემა. ფრანგულად თარგმნა ქართული ზღაპარი-ლეგენდა "მშვენიერება" (1900) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები.

ფოტოშემოქმედება

რედაქტირება

ბარონი ჟოზეფ ბერ ტელო დე ბაი რუსეთის იმპერიაში კვლევით 1890 წლიდან დაინტერესდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ჩატარებულ არქეოლოგიის VIII საერთაშორისო ყრილობაში. 1897-1904 წლებში იგი ყოველ წლიურად არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს აწყობდა და ორი-სამი თვით ჩამოდიოდა კავკასიაში. ყოველი მივლინების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნებული დე ბაი კონფერენციებს ატარებდა, სადაც საზოგადოებას მოგზაურობის დროს, მის მიერ გადაღებულ ფოტოებს წარუდგენდა და მივლინების შედეგებს აცნობდა. ამასთანავე, იგი მივლინების დროს შეძენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის გამოფენებს აწყობდა. გამოფენის დასრულებისთანავე კოლექციებს უსასყიდლოდ გადასცემდა საფრანგეთის სახელმწიფო მუზეუმებს. დე ბაი ყოველ წელს გამოსცემდა წიგნებს, რომლებშიც დაწვრილებით აღწერდა თავის ყოველ სამეცნიერო მივლინებას. ეს წიგნები უხვად იყო ილუსტრირებული ფოტოებით. დღესდღეობით საფრანგეთის სხვადასხვა არქივებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ბარონ დე ბაის მიერ რუსეთის იმპერიაში 1895-1910 წლებში მოგზაურობისას გადაღებული 1700-ზე მეტი ფოტოა დაცული.

2006 წელს პარიზის კე ბრანლის – ჟაკ შირაკის მუზეუმმა აუქციონზე ბარონ დე ბაის ფოტოალბომები შეიძინა, რომლებიც ფრანგი მკვლევარის მიერ 1897-1910 წლებში რუსეთის იმპერიაში მოგ ზაურობისას გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. წითელ ყდაში ჩასმული „კოდაკის“ მარკის 14 ალბომში. ფოტოები გადაღებულია 1897-1901 და 1903 წლებში. ალბომებში მოთავსებულ ფოტოებს შორის საქართველოში გადაღებულია 541 ფოტო, რომელ თაგან 486 განსხვავებული კადრია, დანარჩენი კადრები კი მეორდება. კე ბრან ლის – ჟაკ შირაკის მუზეუმის ალბომების გარდა საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებაში დაცულია დე ბაის ფოტოკოლექციები, რომლებიც საქართველოში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. სულ მოთავსებულია 1319 ფოტო. ამასთანავე, ზოგიერთ ალბომში ჩაკრულია საფოსტო ბარათები. ყველა ფოტო ბარონ დე ბაის მიერ არის გადაღებული, გარდა შუაზე გაჭრილი 5 სტერეოფოტოსი, რომლებიც ზედ დატანილი ნუმერაციითა და სათაურების მიხედვით ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს ეკუთვნის. ალბომის კიდეებზე და ზოგჯერ პირდაპირ ფოტოებზე ბარონ დე ბაის მიერ მელნით გაკეთებული მინაწერები გვაფიქრებინებს, რომ ეს ალბომები განკუთვნილი იყო მისი პირადი კოლექციისთვის, ოჯახურ და სამეგობრო წრეში საჩვენებლად და არა იმ კონფერენციებისთვის, რომლებსაც იგი ასე ხშირად მართავდა საფრანგეთში. ასეთი სულ რამდენიმე კოლექცია აღმოჩნდა.

მარნის დეპარტამენტის არქივში, ბარონ დე ბაის ფონდში, დაცულია ლურჯყდიანი გამოცემის ალბომი, რომელიც 64 ფოტოს შეიცავს, აქედან 60 ფოტო გადაღებულია საქართველოში 1897, 1903 და 1904 წლებში.

ბარონ დე ბაის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები ასევეაღმოჩნდა პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტში. 1920-იანი წლების ბოლოს დე ბაიმ თავისი პირადი არქივი საჩუქრად გადასცა პარიზში მდებარე წმინდა სერგი რადონეჟელის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და თეოლოგიის ინსტიტუტს, სადაც მუზეუმის გახსნა იგეგმებოდა. ვინაიდან მუზეუმი არ გაიხსნა დღეს ეს არქივი პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტშია დაცული. არქივი წარმოადგენს 17 საარქივო კოლოფში გადანაწილებულ რამდენიმე ასეულ საბუთს. აქ არის ბარონ დე ბაის მიმოწერა მეგობრებთან და კოლეგებთან, მისთვის ნაჩუქარი ფოტოპორტრეტები მიძღვნითი წარწერებით, სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული მდიდარი ფოტოკოლექცია და სხვ. აქ ასევე დაცულია დე ბაის მიერ საქართველოში 1897-1903 წლებ ში გადაღებული 164 ფოტო.

საფრანგეთში კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტოებიდან საქართველოში გადაღებულია 28 ფოტო. რაც შეეხება, სენ-ჟერმენის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში დაცულ ბარონ დე ბაის საარქი ვო მასალებს, მათ შორის საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები არ არის. ხოლო საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გეოგრაფიის საზოგადოების არქივი) დაცული საქართველოში გადაღებული ფოტოები არ წარმოადგენს ორიგინალებს – ეს ფოტოები დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე, რომლებიც იმავე ფორმატისაა, რაც დე ბაის წიგნები და სავარაუდოდ, წიგ ნის მაკეტში მათი ჩანართის სახით გამოყენება იგეგმებოდა.

საბოლოო ჯამში, დღეისათვის ცნობილი ყველა კოლექციის შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებებსა და კერძო კოლექციონერებთან დაცულია ბარონ დე ბაის მიერ 1897-1901 და 1903-1904 წლებში საქართველოში გადაღებული 793 ფოტო, რაც რამდენჯერმე დაბეჭდილი ერთი და იგივე კადრის გამოკლებით წარმოადგენს 609 განსხვა ვებულფოტოს. სავარაუდოდ, ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება, ვინაიდან დე ბაის წიგნებში გამოქვეყნებული ზოგიერთი ფოტოს ორიგინალის შენახვის ადგილი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ბარონ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტო კოლექციების შესწავლისას გამოჩნდა, ის ექსპედიციებში ფოტოების გადაღებას 1897 წლიდან იწყებს. საარქივო დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბარონი „ისტმან კოდაკის“ ფირ მის ფოტოაპარატს იყენებდა, რომლის ფირიც 12 კადრს იტევდა. თითოეული კადრის და, შესაბამისად, ფოტოს ზომა 9*9 სმ იყო.

თუ მანამ დე ფოტოს გადასაღებად მინის ფირფიტებს იყენე დნენ, 1888 წელს ფოტო ფირის გამოგონებამ ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა. ფოტოფირის კომერციალიზაცია „კოდაკის“ დამფუძნებელმა ჯორჯ ისტმანმა 1889 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ფირიან ფოტოაპარატებს ევროპის ბაზარი უკვე დაპყრობილი ჰქონდა. ასეთი ფოტოაპარატი გადასატანად მსუბუქი და მოსახერხებელი იყო, მოგზაურობისას აღარ არსებობდა მინის ნეგატივების დაზიანების საშიშროება. შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზის გამო მიიქცია „ისტმან კოდაკის“ ფოტოაპარატმა ბარონ დე ბაის ყურადღება. ფოტოფირის გამოჩენასთან ერთად, გაყიდვაში გამოჩნდა ე. წ. არისტოტიპის ქაღალდი, რომელმაც ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა 1890-იან წლებში. ეს იყო ინდუსტრიული წესით დამზადებული პირველი ფოტო-ქაღალდი, რომელიც ფოტოგრაფს ბევრად უადვილებ და სამუშაოს . ბარონ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები სწორედ ამ ტიპის ქაღალდზეა დაბეჭდილი. ფოტოები იბეჭდებოდა კონტაქ ტური მეთოდით: ნეგატივი – ფირიდან მოჭრილი კადრი, იდებოდა არისტოტიპის ქაღალდზე , მაგრდებოდა სპეციალურ ხის ჩარჩოში და განსაზღვრული დროით მზის სინათლეზე თავსდებოდა. სწორედ მზის სხივების მეშვეობით გადადიოდა ანაბეჭდი ფირიდან ქაღალდზე . პროცესის ბოლოს ფოტოს ზედაპირი „ირეცხებოდა“ მარილებისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Catalog of the German National Library
  4. Archives de Paris — გვ. 3.
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. გაზ. „ივერია“, 24 ოქტ., 1897 წ