ამნიონი
ამნიონი (ბერძნ. amnion) — ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების, აგრეთვე ზოგი უხერხემლო ცხოველების ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი. იმისდა მიხედვით, აქვთ თუ არა ცხოველებს ამნიონი, განასხვავებენ ამნიონიანებს,ანუ უმაღლეს და უამნიონოებს, ანუ უმდაბლეს ხერხემლიანებს. ამნიონი ვითარდება ჩანასახის ირგვლივ, გარეთა და შუა საჩანასახე ფურცლების ნაოჭების სახით. შემდეგ ნაოჭების კიდეები ურთიერთს შეეზრდება და ჩანასახის ირგვლივ ვითარდება ორი გარსი. შიგნითა გარსი ამნიონია, ხოლო გარეთა — სერიოზული გარსი, რომელიც ძუძუმწოვრებში ქორიონი ეწოდება. ქვეწარმავლების ამნიონის სისხლზარღვები არ აქვს; ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ამნიონში კი სისხლძარღვებიც ვითარდება და შემკუმშველიკუნთოვანი ბოჭკოებიც. ამნიონის ღრუ ამოვსებულია სისხლძარღვებიდან გამოჟონილი ე. წ. ამნიონური სითხით, რომელიც ჩანასახს მექანიკური დაზიანებისა და გამოშრობისაგან იცავს. იგი შეიცავს ორგანულ ნაერთებს — ცილებს, შარდოვანას, შაქრებსა და ჰორმონებს, აგრეთვე არაორგანულ მარილებს. მშობიარობის დროს ამნიონი სკდება და სითხე იღვრება. ამნიონის ნარჩენებს ახალშობილის სხეულზე „პერანგს“ ეძახიან. ამნიონს უწოდებენ აგრეთვე მწერების, მორიელების, ნემერტინებისა და ზღვის ზღარბების ჩანასახოვან გარსს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 400.