ამესტრისი (ბერძ. Άμηστρις; გ. ძვ. წ. 424) — სპარსეთის დედოფალი ძვ. წ. 486-ძვ. წ. 466 წლებში როგორც მეფე ქსერქსე I-ის პირველი ცოლი. სპარსეთის მეფე არტაქსერქსე I-ის დედა. იგი ხშირად გაიგივებულია სპარსეთის ბიბლიურ დედოფალ ვაშტისთან.

ამესტრისი
სპარსეთის დედოფალი
მმართ. წლები: ძვ. წ. 486-ძვ. წ. 466
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 424
მეუღლე: ქსერქსე I, სპარსეთის მეფე
შვილები: დარიოსი
ჰისტასპესი
არტაქსერქსე I
ამიტისი
როდოგინე
დინასტია: აქემენიდები
მამა: ოტანესი
დედა: დარიოს I-ის და
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამესტრისის დაბადების თარიღი და ადგილი დღემდე უცნობია. იგი სპარსელი დიდებულის, ოტანესის ქალიშვილი იყო. ძვ. წ. 522 წელს, ოტანესმა სხვა ექვს დიდებულთან ერთად მოკლა მეფე ბარდია, რომელიც შამანებისა და ჯადოქრების ძლიერი გავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ სპარსეთის ტახტზე დარიოს I დიდი ავიდა. ჰეროდოტეს ცნობებით, ოტანესმა ახალ მეფესთან მეტად მჭიდრო ნათესაური კავშირი შეკრა. კერძოდ: დარიოს I-მა ცოლად შეირთო ოტანესის ქალიშვილი ფაედიმია, სანაცვლოდ კი ოტანესმა ცოლად შეირთო დარიოსის და, უცნობი პრინცესა, რომელთანაც შეეძინა ამესტრისი.

ძვ. წ. 486 წელს დარიოს I გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისმა ამესტრისი ახალ მეფე ქსერქსე I-ზე დააქორწინა, რითაც იგი აქემენიანთა სპარსეთის დედოფალი გახდა. ჰეროდოტე დედოფალ ამესტრისს სასტიკ დესპოტად აღწერს და მის ბოროტ ბუნებას ასე აღწერს:

 
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამესტრისი, ქსერქსეს ცოლი, როდესაც გაიზარდა თავისი სული ღმერთს მიუძღვნა, რომელიც დედამიწის ქვესკნელში ცხოვრობს, ვისაც დაუმარხა სპარსელი დიდებულების ორჯერ შვიდი შვილი.“

უცნობია, თუ საიდან ჰქონდა ჰეროდოტეს ეს ცნობები, რომელიც დედოფლის მიერ თოთხმეტი დიდგვაროვანი ბავშვის სატანისათვის მსხვერპლშეწირვას მოგვითხრობს, ვინაიდან სპარსული რელიგია მკაცრად კრძალავდა მსხვერპლშეწირვას. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფალ ამესტრისზე მხოლოდ ბერძნული წყაროები საუბრობენ და ამ პერიოდში მიმდინარეობდა ბერძენ-სპარსელთა ომები, შესაძლოა შეგნებულად იყოს ეს ბრალდებები ამესტრისისა და ზოგადად, სპარსელთა სახელის გასატეხად.

ძვ. წ. 478 წელს ტახტის მემკვიდრე პრინცი, ამესტრისის უფროსი ვაჟი — დარიოსი, სარდისში დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ანტაინტეზე. რამდენადაც ცნობილია, ანტაინეტე ერთგული მეუღლე არ აღმოჩნდა და მან რომანი თავისივე მამამთილთან, მეფე ქსერქსესთან გააბა. როდესაც ეს ამბავი დედოფალმა ამესტრისმა შეიტყო, მან არა ანტაინეტე, არამედ დედამისი, მისისტესი დასაჯა, რადგან თვლიდა, რომ ქალიშვილს მრუშობისაკენ მან უბიძგა. ქსერქსეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი ბანკეტის დროს, ამესტრისის გაგზავნილმა მცველებმა მისისტესს ცხვირი, ყურები, ტუჩები, ენა და მკერდი მოჰკვეთეს და მოკვეთილი ორგანოები მისივე თვალწინ აჭამეს ძაღლებს. მისისტესის განრისხებული ქმარი ბაქტრიაში გაიქცა აჯანყების მოსაწყობად, რომელიც ჯერ კიდევ დაწყებამდე ჩაახშო ქსერქსეს ჯარებმა, რის შემდეგაც მათ დახოცეს მისისტესის ქმარიცა და მისი ვაჟებიც.

ძვ. წ. 466 წელს ამესტრისს დედოფლობა ჩამოერთვა. ამ თემაზე საუბარია ბიბლიურ მონაკვეშთი „წიგნი ესთერისა“, სადაც მეფე ქსერქსემ თავის ცოლ ვაშტის (ასე ჰქვია ამესტრისს ნაწარმოებში) სტუმრების წინ გაშიშვლება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, დაუმორჩილებლობის გამო კი იგი განშორდა მას და ახალი ცოლი შეირთო ებრაელი დიდებულის, ესთერის სახით, რომელმაც აღკვეთა სპარსეთში არსებული ებრაელების მასობრივი დევნა.

თავად ქსერქსე ძვ. წ. 465 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი ამესტრისის ვაჟმა არტაქსერქსე I-მა დაიკავა, რომელმაც დედა სამეფო კარზე დააბრუნა. იგი სწორედ აქ, ძვ. წ. 424 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Herodotus, John Kenrick The Egypt of Herodotus being the second and part of the third books of his history, p.XVII (1841)
  • Amestris made human sacrifice. See Boyce, Mary (1989). A History of Zoroastrianism: The early period, p. 141.
  • electricpulp.com. ""Amestris" in Encyclopedia Iranica". Retrieved 9 September 2014.
  • Smith, William (1867). "Amestris (I)". In William Smith (ed.). Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology. 1. Boston: Little, Brown and Company. p. 137.
  • Herodotus, Histories vii. 61, 114, ix. 108—113
  • Plutarch, Alcibiades p. 123, c.
  • Godley, Alfred Denis (1921–24). "Histories book 9". Herodotus, with an English translation. OCLC 1610641.
  • Deutsche Oper am Rhein: Xerxes (issued in 2015), a book containing information on the opera itself as well as on a contemporary production