ამერიკული პასტორალი
ამერიკული პასტორალი (ინგლ. American Pastoral) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის, 1997 წლის რომანი.
„ამერიკული პასტორალი“ | |
---|---|
ავტორი | ფილიპ როთი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Houghton Mifflin Harcourt |
გამოცემის თარიღი | 12 მაისი, 1997 |
ნაწარმოების პროტაგონისტია სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“ , ებრაული წარმოშობის ამერიკელი ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკიდან. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებულ საოჯახო ბიზნესს უდგება სათავეში. მის მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას 1960-იანი წლების ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის პერიოდის აშშ-ის სოციალური და პოლიტიკური არეულობები არღვევს. თავად ჯონსონი რომანში აღწერილია, როგორც „ძირძველი ამერიკელი ბერსერკერის“ მანიფესტაცია.
რომანი ჩარჩო თხრობის ტექნიკითაა დაწერილი. მისი მთხრობელია ფილიპ როთის ალტერ ეგო ნათანიელ ცუკერმანი, რომელიც „ამერიკულ პასტორალში“ სეიმურ ლევოვის სკოლელად გვევლინება. ლევოვი საშუალო სკოლაში ბრწყინვალე სპორტსმენი იყო, რის გამოც ყველა პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო მისით, მათ შორის ცუკერმანიც. იგი 1995 წელს კლასელების შეკრებაზე ხვდება „შვედის“ ძმას, ჯერი ლევოვს, რომელიც მას მოუთხრობს, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა მისი ახლახან გარდაცვლილი უფროსი ძმის ცხოვრება. 1968 წელს მისმა თინეიჯერმა ქალიშვილმა ვიეტნამის ომში აშშ-ის მონაწილეობის პროტესტის ნიშნად ბომბი აააფეთქა, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შემდეგ კი მიიმალა. ამან სეიმური სამუდამოდ ტრამვირებული დატოვა. რომანის მომდევნო ნაწილში ცუკერმანის მიერ ლევოვის ცხოვრების აღწერას ვკითხულობთ, რომელიც ჯერის მონათხრობს, საგაზეთო სტატიებს და თავად „შვედთან“ მის ორ ხანმოკლე შეხვედრას ეფუძნება.
1998 წელს რომანმა პულიცერის პრემია მოიპოვა. 2005 წელს შევიდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო რომანი 1923 წლიდან“.[1] 2016 წელს ნაწარმოების ეკრანიზაცია შედგა, რომელშიც მთავარ როლებს იუენ მაკგრეგორი, ჯენიფერ კონელი და დაკოტა ფენინგი ასრულებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Grossman, Lev; Lacayo, Richard (October 16, 2005). „All-Time 100 Novels“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2005.