ალ-კალკაშანდი
შიჰაბ-ად-დინ აბულ-აბბას აჰმად იბნ ალი ალ-კალკაშანდი (არაბ. شهاب الدين أبو العباس أحمد بن علي بن أحمد بن عبد الله الفزاري القلقشندي; დ. 1355 — გ. 1418) — არაბი ავტორი, ენციკლოპედისტი, ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს ადმინისტრაციული მოხელე.
ალ-კალკაშანდის ძირითადი თხზულება მისი 14-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „ბრმის განთიადი წერის ხელოვნებაში“ („სუბჰ ალ-ა'შა ფი სინა'ათ ალ-ინშა“), რომელიც 1412 წელს დაასრულა (სრული სახით დაიბეჭდა 1913–20 წლებში კაიროში). თხზულება 10 ნაწილად (მაკალა) იყოფა. მეორე ნაწილში (ტომი III–IV) მოცემულია მასალა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ; ოლქებისა და ქალაქების, სავაჭრო გზებისა და სხვათა აღწერა. ნაშრომში არის ცნობები საქართველო-ეგვიპტის, ასევე საქართველოს მეფისა და ირანის ილხანების ურთიერთობის ისტორიისათვის.
ალ-კალკაშანდის თხრობა ეყრდნობა ელომარის (გ. 1348) ნაშრომს. ალ-კალკაშანდის წყაროს ცნობით, მონღოლთა ყაენის დიდ ვეზირ ჩობანს იმდენი დახმარება გაუწევია გიორგი V ბრწყინვალისათვის, რომ ქართველი მეფე მას თავისი ძალის საყრდენად და განსაცდელთა გამაქარწყლებლად თვლიდა. ცნობები საქართველოს შესახებ ამოკრიბა და რუსულად თარგმნა ვლადიმერ ტიზენჰაუზენმა, ხოლო ეგვიპტის სულთნის კარზე შემუშავებული ქართველი მეფეებისადმი მიმართვის წესის არაბული ტექსტი შეტანილია გიორგი წერეთლის არაბულ ქრესტომათიაში; მისი ქართული თარგმანი დაბეჭდეს ივანე ჯავახიშვილმა, ავთანდილ მენთეშაშვილმა და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Заметка Элькалькашанди о грузинах / [В. Тизенгаузен]. - [Санкт-Петербург] : тип. Имп. Акад. наук, [1887]. - 9 с. ; 27см.. - Авт. указан в конце текста. - Без тит. л. и обл.. - Отт. из "Зап. Вост. отд. Рус. археол. общ." 1887, т. 1, вып. 3, с. 208-216
- არაბული ქრესტომათია. - თბ. : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1949. - 16,108გვ. ; 22სმ. - თავფურც. და წინასიტყვაობები ქართულ-რუსულ ენებზე, ტექსტი არაბულ ენაზე.
- საქართველოს და ეგვიპტის ისტორიის ურთიერთობიდან / ა. მენთეშაშვილი // დროშა. - თბილისი, 1958. - N9. - გვ.18-19.
- მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის / ბ. სილაგაძე // ქართული წყაროთმცოდნეობა / ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1968. - ტ.2. - გვ.87-104
- ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982
- ჯაფარიძე, გოჩა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.