„ალმათის მუზეუმი“ ქალაქ ალმათის (ყაზახეთი) ისტორიის მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ქალაქის ყოფილი საბავშვო სახლის შენობაში. შენობა 1892 წელს თავისი პერიოდისთვის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ცნობილმა არქიტექტორმა პავლე გურდემ დააპროექტა.[1]

ალმათის მუზეუმი
43°14′55″ ჩ. გ. 76°56′10″ ა. გ. / 43.24874111° ჩ. გ. 76.93611389° ა. გ. / 43.24874111; 76.93611389
დაარსდა 2001
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა ალმათი
კლასიფიკაცია ისტორიული
Map

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება

„ალმათის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ 2001 წლის იანვარში გაიხსნა. თავდაპირველად მის ფონდში შედიოდა მცირე რაოდენობის ფოტომასალები და ექსპონატები, რომლებიც „ალმათის ისტორიისა და რეკონსტრუქციის მუზეუმის“ (გაიხსმა XX საუკუნის 80-იან წლებში) დახურვის შემდეგ დარჩა. მოგვიანებით მუზეუმს „ქალაქ ალმათის ისტორიის მუზეუმი“ დაერქვა, 2016 წელს კი გახდა „ალმათის მუზეუმი“.

ამჟამად მუზეუმი 40 ათასზე მეტ ექსპონატს ითვლის, რომლებიც 11 დარბაზში სხვადასხვა ეპოქის მიხედვით არის დაყოფილი და ასახავენ ქალაქის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას — „ალმათის უძველესი ისტორია“, „ალმათის შუასაუკუნეების ისტორია“, „ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის სათავეში“, „ჟეტისუს ეთნოგრაფია“, „ალმათის ისტორიის ვერნის პერიოდი“, „ალმათი ХХ საუკუნეში“, „კულტურის და ხელოვნების განვითარება“, „ალპინიზმის ისტორია“, „ჟელტოქსანი“, „ალმათი და ერის ლიდერი“, „მშვიდობის და თანხმობის მოდელი“.[2]

ყველა ექსპოზიციას საერთო აზრობრივ ხაზად გასდევს ქალაქის თანმიმდევრული ურბანიზაციის, ქალაქელების ყოფისა და კულტურის, თავისი გამარჯვებებით და წარმატების ისტორიით ქალაქის მსხვილ მეგაპოლისად ჩამოყალიბების იდეა.

მუზეუმის კედლებზე თავმოყრილია ყაზახური ეთნოგრაფიის ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექცია, ასევე სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის საყოფაცხოვრებო საგნების, ნუმიზმატიკის, ფოტო და დოკუმენტების კოლექციები. სხვა დანარჩენთან ერთად მუზეუმის შემადგენლობაში შედის სამეფო დინასტიის სამარხი კომპლექსი „ბარალდაის საკების ყორღანი“, რომელსაც შემონახული აქვს კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი.

2016 წელს მუზეუმი ყოფილ „ვერნის ბავშვთა თავშესაფრის“ შენობის კომპლექსში გადავიდა.[3]

2017 წლის აგვისტოდან მუზეუმი მონაწილეობას იღებს პროგრამაში „მუზეუმი ყველასთვის“. შენობა აღჭურვილია თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებით: სამ ენოვანი საინფორმაციო ჯიხურებით, ისტორიული ვიდეომასალების პროექციებით, ჰოლოგრამებში აღდგენილი იშვიათი არტეფაქტებით. შექმნილია სპეციალური ინტერაქტიური ექსკურსიები სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც.[4]

მუზეუმის შენობა

რედაქტირება

ქალაქში ბავშვთა თავშესაფარი 1878 წელს გაიხსნა. შენობა, რომელშიც ის შემდეგში გადავიდა, 1892 წელს არქიტექტორმა პ. გურდემ დააპროექტა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში შემობაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები ფუნქციონირებდა, უფრო მოგვიანებით განთავსდა №1 ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, 1981-2016 წლებში — საქალაქო სამედიცინო სასწავლებელი (ამჟამად სამედიცინო კოლეჯი). 2009 წელს განხორციელდა შენობის რესტავრაცია.

ძეგლის სტატუსი

რედაქტირება

2010 წლის 10 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქ ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ახალი სახელმწიფო ნუსხა. მისი გამოქვეყნებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ძველი გადაწვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვალა.[5]. ამ დადგენილებაში შენარჩუნებულია ყოფილი ვერნის საბავშვო სახლის სტატუსი, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის. დაცული ზონების საზღვრები 2014 წელს დამტკიცდა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება