ალისგორის ციხე-სახლი

ალისგორის ციხე-სახლი — ციხე-სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასოფლარ ალისგორის ტერიტორიაზე (ომალოს თემში), სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

შენობა ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული. გეგმით თითქმის კვადრატს უახლოვდება (6,6 X 6 მ). ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი; მეხუთე სართულის მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში კი, თითო სათოფური. III სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარი და ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელი, სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში - ერთი სათოფური. IV სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფური. V სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში სალოდის კვალი შეიმჩნევა. შენობის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). გარედან მესამე სართულის კარის თავზე კედლიდან მცირედ გამოშვერილი ფიქლებით მოწყობილია თარო.

ლიტერატურა

რედაქტირება