ალექსანდროული
ალექსანდროული, კაბისტონი, კაბისტონა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ძველად მას კაბისტონის და კაბისტონას სახელით იცნობდნენ, მაგრამ რადგანაც ამ ჯიშის გაშენებას მეფე ალექსანდრეს სახელს უკავშირებენ — ალექსანდროული შეარქვეს.
ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ტოლა-ხვანჭკარის მიკროზონაში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, გვხვდება როგორც ხუთნაკვთიანი, ასევე დაუნაკვთავი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. მთავარ ძარღვებზე კი გასდევს მოკლე ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, კონუსური ფორმის, ახასიათებსდატოტვა, თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, თითქმის შავი. თხელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ოდნავ კნატუნაა, წვნიანი, წვენი შეუფერავი, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი და სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით.
ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალო ან საშუალოზე მცირემოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ დამწიფებამდე 150-175 დღეა. მტევნის საშუალო წონა 90-100 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 4.0-6.0 ტონაა. იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალხარისხიან ღვინოს კირნარ, ქვათიხნარ და ხირხატ ნიადაგებზე იძლევა შესაბამისი საძირის შერჩევისას. ყურძNის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 24-30%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-7 გ/ლ-ს.
ხვანჭკარის მიკროზონაში, მუჯურეთულთან ერთად კუპაჟში მაღალხარისხიან, ორიგინალურ და ბუნებრივად ნახევარ ტკბილ ადგილ წარმოშობის ღვინო „ხვანჭკარას“ იღებენ, რომელიც ადრე „ყიფიანის ღვინის“ სახელით იყო ცნობილი. „ხვანჭკარა“ ხასიათდება გემური თვისებებით, მუქი ლალისფერია, კარგად გამოხატული ბუკეტით. გამოირჩევა სირბილითა და ნაზი სასიამოვნო მოტკბო გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 300.
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 26-27