ალექსანდრე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
წმიდა ალექსანდრე (დ. 239 — გ. 337) — კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი 325–337 წლებში წმინდანი, ხსენების დღე კიდევ ორ პატრიარქთან ერთად (იოანე VI ს. და პავლე IV-სთან ერთად) არის ძველი სტილით 30 აგვისტო, ახალი სტილით — 12 სექტემბერი.
ცხოვრება
რედაქტირებაპატრიარქი ალექსანდრე ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 337 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი: მიტროფანე |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 325 – 337 |
შემდეგი: პავლე I |