ალექსანდრე ნოზაძე

ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე ნოზაძე (დ. 19 იანვარი, 1929, კორბოული, საქართველო, გ. 2003) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ალექსანდრე ნოზაძე
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საჩხერის რაონის, სოფელ კორბოულში. 1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით. 1955 წელს ჩააბარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956 წელს მუშაობა დაიწყო უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად სამთქო საქმის ინსტიტუტის ლითონების წნევით დამუშავების ლაბორატორიაში, ხოლო 1958 წელს გადაინაცვლა უფროს მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1967 წლიდან მუშაობა გააგრძელა მეტალურგიის ინსტიტუტში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებული გლინვის პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1974 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშვების კათედრაზე. 1981 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1983 წელს იგი აირჩიეს ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო მიღწევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ნაგლინის ფასონური პროფილების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდების შექმნა, მსხვილსორტული პროფილების უწყვეტი გლინვის თეორიული საფუძვლების დამუშავება, ელექტროგლინვის პროცესების შექმნა და მრავალი სხვა, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია 130 ნაშრომის სახით. მათ შორისაა, სტატიები, გამოგონებები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. იგი ითვლება ახალი საინჟინრო-სამეცნიერო მიმართულების - ელექტროგლინვის პროცესების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მაღალი საინჟინრო კომპეტენციების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტთა მოსამზადებლად. სამეცნიერო მუშაობის დარგში პრორექტორის თანამდებობაზე ათწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა მოწინავე პოზიციები მეცნიერებაში; შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრების, ლაბორატორიებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების ფართო წრე. დამყარდა საქმიანი კავშირები საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური და საინჟინრო მოღვაწეობა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება