ალექსანდრე ნათიშვილი (სამხედრო)

ალექსანდრე ვ. ნათიშვილი, ნათიევი (დ. 1873 — გ. 18 ივნისი, 1919, ბათუმი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917), I მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.

ატამანი ალ. ნათიევი (შუაში, ცხენზე) გერმანელ სამხედროებთან ერთობლივ აღლუმზე ხარკივში 1918 წელს.

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ალექსანდრე ნათიშვილი დაიბადა ბათუმის ოლქში, ქართულ აზნაურულ ოჯახში 1873 წელს. დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1894) და მიხეილის საარტილერიო აკადემია. ნათიშვილის და მისი თანამოგვარე სხვა სამხედრო პირების ბიოგრაფიის დეტალები ხშირად აღრეულია. ოფიცერთა 1910 წლის სიით მსახურობდა თურქესტანის 1-ლ საარტილერიო ბრიგადაში (ტაშკენტი), 1917 წლის ბოლოს კი მეთაურობდა მე-4 საარტილერიო ბრიგადას ან მე-6 მძიმე სამორტირო დივიზიონს. იმავე პერიოდში მე-6 საარმიო კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც ნათიევის ქვედანაყოფი შედიოდა, გარდაიქმნა უკრაინულ ეროვნულ შენაერთად — ზაპოროჟიის სეჩის მე-2 კორპუსად. ნათიევი ერთხანს ამ კორპუსის არტილერიის ინსპექტორი იყო, შემდეგ იგივე პოზიცია ეჭირა უკრაინის ცენტრალური რადის შეიარაღებული ძალების ცალკე ზაპოროჟიულ დაჯგუფებაში. 1918 წელს მეთაურობდა უკრაინის ცალკე ზაპოროჟიულ ბრიგადას. იმავე წლის ოქტომბერში თადარიგში გავიდა გენერალ-ხორუნჟის წოდებით. 1918 წლის დეკემბერში ჰეტმან სკოროპადსკის ხელისუფლების დაცემის შემდეგ ერთხანს პატიმრობაში იყო. გათავისუფლების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა და შეუერთდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც გენერალი ანტონ დენიკინი ედგა სათავეში.[1]

1919 წლის მარტში დენიკინმა ნათიევი იმხანად დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმის ოლქში მიავლინა „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად. ამავდროულად, დენიკინის წარმომადგენლების საქმიანობა ბათუმში ქართული გავლენის გავრცელების წინააღმდეგ ქმედებასაც გულისხმობდა, რის შესახებაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მოიპოვა სადაზვერვო ინფორმაცია და ის პრესაშიც გამოაქვეყნა. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ნათიევს და მასთან ერთად ბათუმში დენიკის არმიაში მომსახურე სხვა ქართველ ოფიცრებს „საქართველოს უღირს შვილებს“, „იუდებს“, „მოღალატეებს“ უწოდებდნენ.[2]

1919 წლის 18 ივნისის საღამოს ბათუმის ბულვარში მოსეირნე გენერალი ნათიევი და მისი ადიუტანტი ფილიპოვი რამდენიმე გასროლით მოკლეს. ბრიტანეთის სარდლობამ მკვლელობის ბრალდებით ქართველი სოციალ-დემოკრატი, 22 წლის ილია ალფესის ძე მიქელაიშვილი დააკავა. სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მიქელაიშვილი მოკლეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას 1920 წლის 15 ივლისს, ბათუმის ოლქის საქართველოსთვის ოფიციალური გადმოცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ.[2]

ნათიევის უკრაინაში მოღვაწეობის აღსანიშნავად მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა ხარკივში.[1]

  1. 1.0 1.1 Натієв Олександр / А. О. Буравченков // Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] / Редкол.: І. М. Дзюба, А. І. Жуковський, М. Г. Железняк [та ін.] ; НАН України, НТШ. – К. : Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2020.
  2. 2.0 2.1 ხვადაგიანი, დავით. თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში. „საზოგადოებრივი არქივი“, 2018.