ალექსანდრე მეფის სიგელი კათოლიკოს შიოსადმი

სიგელი ალექსანდრე მეფისა კათოლიკოს შიოსადმი მცხეთისა და გარეჯის უდაბნოს სადავო მამულების შესახებ1438 წელს (რკვ ქორონიკონს) შედგენილი ქართული ხელნაწერი საბუთი. აღნიშნული საბუთით ალექსანდრე მეფე, სვეტიცხოვლის და გარეჯის სადავო მამულებზე ბრძანებას სცემს.

საბუთის აღწერა

რედაქტირება

დედანი დაკარგულია. პირი: სეა, 1449-1635; გადაწერილი XX საუკუნის დასაწყისში სარგის კაკაბაძის ხელით. 1 ფრ. დედნის აღწერილობა ს. კაკაბაძის მიხედვით: ზომა — 41 X 15 სმ; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. საბუთის ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: სინოდალური კანტორის სიგელი №64 და ნუსხა №507 — სკკ.

საბუთს თარიღი არ უზის. თედო ჟორდანია, ტექსტის ბოლოში მიწერილი ქორონიკონის — რკვ (126) გათვალისწინებით, საბუთს ათარიღებს 1438 წლით, თუმცა ამ თარიღს, ისევე როგორც ხელრთვას, სადაც იკითხება სახელი „ლეონი“, საეჭვოდ მიიჩნევს და დასძენს, „რადგან 1439 წელს კ~ზად სჩანს დავით II, ამის გამო ეს ქ~კნი, შემდეგ მიწერილი, საეჭვოდ მიგვაჩნია. კ~ზი შიო ჩვენს საბუთებში პირველად სჩანს 1440 წელს — რად მოუწერია ალექსანდრე მეფეს ლეონად ჩვენ არ ვიცით: ანუ ალექსანდრე მფის გუჯარი მერე კახთა მეფე ლეონს მოუწერია და ანუ ალექსანდრე არის კახთა მეფე უცნობი, ლეონ I-ად წოდებული, ბერად შემდგარი, რომელიც პლატონ იოსელიანის მოწმობით, დამარხულია დავითგარესჯაში. კახთა მეფე გიორგი, მეფე მონაზონის ალექსანდრეს ძე, გამეფებული 1433 წელს.“[1].

დათარიღების საფუძველია კათოლიკოს შიო II-ის ზეობის წლები, შემდგომში საბუთი დაუმტკიცებია ლეონ კახთა მეფეს, რასაც ადასტურებს მისი ხელრთვა.

 
„ქ. სახელითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, პატრონმან მეფემან ალექსანდრე, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა და ცათა მობაძავსა, ახალსა იერუსალიმს, კათოლიკე დედაქალაქსა მცხეთისა საყდარსა, და წმიდასა მეუფესა, სასოსა და შესავედრებელსა სულისა ჩუენისა, ქართლისა პატრიარქსა კ(ათალიკო)ზსა შიოს.

მას ჟამს, ოდეს ჟამთა ვითარებისა და შლილობისაგან მცხეთისა და გარეჯისა უდაბნოსა მამულთა მათნი მემზღვრენი შემოეცილნეს, და, რაცა არაგუსა აქათ მცხეთის მამულნი იყუნეს, მეჟმეობით რომელთამე მიიტაცნეს. ვქენით მოკითხული, რაგუარაცა გუმართებდა, ძველნი გუჯარნი და სიგელნი მოვახმევინეთ და, ვითა არავის მართებდა, აგრე ჩამოვხსენით. და არავისსა საქმე დავადებინეთ, არა დიდთა და არა მცირეთა, რაგუარაცა არა ვინ ღირს ყოფილა.

ჭავჭავაძესა ფაროდის ზეკნელისძისა პროკოპისთუის ნატყუვარი სიგელი დაეწერინა ვანთისა, ვარცისა, დუმასუბნისა და, რაგუარაცა ტყუვილი იყო, აგრე გავაცუდეთ. და ფიცითა გარდასწყდა და უდაბნოსავე დარჩა.

ამას გარეთ, რაცა გარესჯისა უდაბნოსა მამულნი არიან და გუჯრები ძეს, მთას იქითისა და მთას აქათისა, რაგუარაცა ამას წინათ ჩუენსა გუართაგან ჴელშეუვალნი ყოფილან, მით წესითა დაგიმტკიცეთ და მოგახსენეთ. და არავინ რა საქმე დაიდვას გარესჯისა მამულთა და მზღვარსა გუერდი{ს}.

ამას გარეთ, ერწოს ორი სოფელნი: ნოდოკრა და გორანა მათითა მზღვრითა, ერთობით ყუელანი, რაგუარაცა ძუელთა გუჯართა შიგა სწერია: ბიწმენდი მისითა მზღვრითა, ხატისწობენა, ძაგნაკორანთა, რაცა მცხეთისა არის, ჯუარი, ჯაჭუი, ფსუი, კუტალას — ორნი კუამლნი კაცნი. ამას გარეთ ნიწობლისძისეულისა მამულისა და ოქროპირისშვილისა მამული გარდაუწყუედელი დარჩა და სააჯოს კარი არა დაგვეჭიროს. და ვისცა მცხეთისა და გერეჯისა მამულთანა საქმე ედვას, იგი სამართლითა გარდასწყდეს.

ხელრთვა (ხვეულად): ლეონ

და შემდეგ „... რკვ““

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომიძე დ., ჭუმბურიძე მ., სხირტლაძე ზ., გარეჯის ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2008, გვ. 16
  1. თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, ტ. II, ტფ., 1897, გვ. 244