ალექსანდრე ეგნატაშვილი
ალექსანდრე იაკობის ძე ეგნატაშვილი (დ. 28 მაისი, 1887, გორი, — გ. 31 დეკემბერი, 1948, მოსკოვი, დაკრძალულია გორში) — საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინის გარემოცვის წევრი, გენერალ-ლეიტენანტი (1945).
ახალგაზრდობაში დაკავებული იყო ჭიდაობით, 1920-იან წლებში ჰქონდა საკუთარი რესტორანი. საბჭოთა კავშირში ე. წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დასრულების შემდეგ ერთხანს პატიმრობაში იყო. 1930 წელს დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა კრემლის კომენდატურაში, შემდეგ — სხვადასხვა სამთავრობო დასასვენებელი სახლის დირექტორად, 1938 წლიდან — საბჭოთა უშიშროების ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. პასუხისმგებელი იყო საბჭოთა უმაღლესი ხელმძღვანელობის და სტალინის საკვები პროდუქტებით მომარაგებასა და უსაფრთხოებაზე. მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისრის (1942) და გენერალ-ლეიტენანტის (1945) წოდებები. მონაწილეობდა თეირანის (1943) და იალტის (1945) კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში. 1944 წლიდან ხელმძღვანელობდა ყირიმის ძველი სასახლეების და არქიტექტურული ანსამბლების აღდგენას. 1945–1947 წლებში იყო სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეცობიექტების სამმართველოს უფროსი ყირიმში. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის (1940), კუტუზოვის I ხარისხის (1945), შრომის წითელი დროშის (1943), წითელი ვარსკვლავის (1945) ორდენებით.
ალექსანდრე ეგნატაშვილის უმცროსი ძმა ვასილი (ვასო) იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი 1938-1953 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 539.
- Торчинов В. А., Леонтюк А. М. Вокруг Сталина. Историко-биографический справочник. Санкт-Петербург, 2000.