ალექსანდრე განგებლიძე
ალექსანდრე განგებლიძე (დ. 13 იანვარი, 1801 — გ. 26 დეკემბერი, 1891) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე განგებლიძე იყო ქართველი აზნაურის, გიორგი განგებლიძის შვილიშვილი, რომელიც ბაქარ ბატონიშვილთან ერთად გადასახლდა რუსეთში 1734 წელს. მამა — გენერალი სიმონ განგებლიძე, რუსეთის არმიაში მსახურობდა. დედა — თავადის ქალი, ეკატერინე სპირიდონის ასული მანველიშვილი. ალექსანდრე მამის გზას გაჰყვა და პროფესიად სამხედრო საქმე აირჩია. 12 წლამდე სწავლობდა ოდესაში, ვოლსეის პანსიონში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა რიშელიეს ინსტიტუტად. 1814 წელს ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში. ეს იყო ჯილდო, რომელიც თავისი ერთ-ერთი ვაჟისთვის სიმონ განგებლიძემ იმპერატორ ალექსანდრე I–სგან გამოითხოვა ბაუცენის იერიშის დროს გამოჩენილი გმირობისთვის. პეტერბურგის პაჟთა კორპუსში სწავლისას გაეცნო მომავალი დეკაბრისტი მოწინავე ახალგაზრდობას და ლიტერატურას, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1820 წლიდან იგი უკვე კამერ-პაჟად დაინიშნა მომავალი იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მეუღლესთან, მარია ფეოდოროვნასთან. აქ, ხელმწიფის კარზე, გაიცნო მან კარამზინი და განიმსჭვალა დეკაბრისტული იდეებით.
1821 წლიდან ნიკოლოზ პავლეს ძის წარდგენით ალექსანდრე განგებლოვი მსახურობდა ოფიცრად გვარდიის იზმაილოვის პოლკში. 1825 წელს გახდა დეკაბრისტთა „სამხრეთის საზოგადოების“ პეტერბურგის უჯრედის წევრი. მონაწილეობდა „ჩრდილოეთის საზოგადოების“ მუშაობაში. 1825 წელს ალექსანდრე განგებლოვი „პორუჩიკის“ წოდებაშია. სამხედრო კარიერაში შემდეგ წინ აღარ წასულა, რადგან 1825 წლის 14 დეკემბრის აჯანყებასთან დაკავშირებით დააპატიმრეწ. იჯდა ჯერ კრონშტადტის, 1826 წლის 13 ოქტომბრამდე კი პეტრე-პავლეს ციხეში. მეფის განკარგულებით სასამართლოსთვის არ გადაუციათ. განთავისუფლების შემდეგ მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში — ვლადიკავკაზის საგარნიზონო და ყაბარდოს ქვეით პოლკებში, მე-8 პიონერულ ბატალიონში. აქედან იგი ხშირად იგზავნებოდა საქართველოში მიმავალი მაღალი თანამდებობის პირების გამცილებლად. 1826-1828 წლებში ალექსანდრე მონაწილეობდა რუსეთ-ირანის, ხოლო 1828-1829 წლებში რუსეთ-თურქეთის ომებში. თავი გამოიჩინა ერევნის იერიშის დროს და ქალაქის აღების შემდეგ დაინიშნა პლაც-მაიორად. მოხალისედ იბრძოდა ახალციხესთან.
ომის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე განგებლოვი მსახურობდა თბილისში. 1832 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დაბრუნდა განგებლიძეთა მამულში, სოფელ ბოგოდაროვკაში. დეკაბრისტობის გამო იგი წოდებრივ უფლებებში შეზღუდული იყო. 1837 წელს, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის გრაფ ვორონცოვის შუამდგომლობით მას „დანაშაული“ აპატიეს, მაგრამ თავადაზნაურთა არჩევით ორგანოებში მონაწილეობის უფლება მაინც არ დაუბრუნეს. 1850 წელს ალექსანდრემ კვლავ ითხოვა უფლებებში მთლიანად აღდგენა. ამჯერად მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და იგი სრულუფლებიანი აზნაური მემამულე გახდა. 1860 წლის დასაწყისში მუშაობდა მომრიგებელ-შუამავლად. 1888 წელს გამოაქვეყნა თავისი მემუარული ნაშრომი — „Воспоминания Декабриста“, რომელშიც კავკასიაში გადმოსახლებული დეკაბრისტების ცხოვრებაა ასახული და ბევრ საინტერესო ცნობასა თუ ფაქტს შეიცავს. ალექსანდრე განგებლიძეს არ ღირსებია დიდი თანამდებობა, ჩინები და ორდენები, მაგრამ იგი არც მოელოდა მათ, რადგან გენერალმა პასკევიჩმა თავის დროზე განაცხადა, რომ 14 დეკემბრის მონაწილე ოფიცრებს არ შეუძლიათ იოცნებონ სამსახურებრივ წარმატებებზე. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა სოფელ ბოგოდაროვკაში. იქვე გარდაივვალა 1891 წლის 26 დეკემბერს. დაკრძალულია მამის გვერდით, წმინდა სამების ეკლესიასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამია, ლ. დეკაბრისტი ა. განგებლოვი (განგებლიძე) . თბ., 1951 გვ. 83
- მეგრელიძე, შამშე. ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები. თბ., 1979. გვ. 43.
- განგებლიძე ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. გვ.55.