ალდეჰიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ალდეჰიდები)

ალდეჰიდი — ორგანული ნივთიერება, რომლის მოლეკულაში ნახშირწყალბადის რადიკალთან დაკავშირებულია -CHO ფუნქციური ჯგუფი. მისი ზოგადი ფორმულაა R-CHO (იხ. სურათი). ალდეჰიდების ჰომოლოგიური რიგის პირველი წევრი (ფორმალდეჰიდი) მძაფრი სუნის მქონე აირია, მომდევნო (აცეტალდეჰიდი) კი–აქროლადი სითხე[1]. სითხეა შემდგომი რამდენიმე წევრიც, ხოლო უმაღლესი ალდეჰიდები მყარი ნივთიერებებია და ყვავილების სუნი აქვთ.[1]. ალდეჰიდების პირველი წევრები წყალში კარგად იხსნება, შემდგომი წევრების ხსნადობა თანდათან მცირდება.[1]. ალდეჰიდების გამოსაცნობი რეაქტივია ვერცხლის ოქსიდის ამიაკიანი ხსნარი. თუ ვერცხლის ოქსიდის ამიაკიან ხსნარს დავამატებთ ცოტაოდენ ალდეჰიდის ხსნარს და შევათბოთ, ალდეჰიდი აღადგენს ვერცხლს, რომელიც დაეფინება სინჯარის კედელს ვერცხლის სარკის სახით:

ალდეჰიდის ზოგადი ფორმულა
CH3—COH+Ag2O → CH3—COOH+2Ag

გამოყენება

რედაქტირება

სოფლის მეურნეობაში (თესლის შესაწამლად), ვეტერინარიაში და მრეწველობაში დიდი გამოყენება აქვს ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველალდეჰიდი), რომლის ფორმულაა H - CHO. მის მოლეკულაში ნახშირწყალბადის მაგიერ მხოლოდ წყალბადის ატომია. ფორმალდეჰიდი უფერო აირადი ნივთიერებაა, აქვს მძაფრი სუნი, წყალში კარგად იხსნება. მის 40 %–იან წყალხსნარს (ცნობილი როგორც ფორმალინი) აქვს ცილის შედედების (დენატურაციის) უნარი, ამიტომაც გამოიყენება ტყავის დასამუშავებლად[2]. ფორმალინისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.[3]

ძმრის ალდეჰიდი გამოიყენება სინთეზური ძმარმჟავას და ე.წ. «მშრალი სპირტის» წარმოებაში.[3]

მიიღება პირველადი სპირტების დაჟანგვით, ერთფუძიანი ორგანული მჟავებისა და მათი ქლორანჰიდრირების აღდგენით, ჭიანჭველამჟავასა და სხვა რომელიმე კარბონმჟავას კალციუმის შერეული მარილის გამოხდით: RCOOCaOOCH→RCHO + CaCO3 და ასე შემდეგ. აცეტილენზე წყლის მოქმედებით აცეტალდეჰიდის მიღებას, ვერცხლისწყლის მარილების თანაობისას, სამრეწველო მნიშვნელობა აქვს: HC≡CH+H2O→CH3CHO (იხ. კუჩეროვის რეაქცია).[4]

ქიმიური თვისებები

რედაქტირება

ალდეჰიდი ადვილად შედის მიერთების, პოლიმერიზაციის, ჩანაცვლებისა და კონდენსაციის რეაქციებში, რაც კარბონილის ჯგუფის π ბმის პოლარიზაციით აიხსნება. ალდეჰიდს ფართოდ იყენებენ ფენოლალდეჰიდური ფისების წარმოებაში, პარფიუმერულ და კვების მრეწველობაში სურნელოვან ნივთიერებად (ვანილინი, ციტრალი და სხვ.) და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ნაერთის (ძმარმჟავას, ეთილაცეტატის, უროტროპინისა და სხვ.) სინთეზისთვის.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 285-286.
  • ქიმიის სახელმძხვანელო:9 კლასი; თბილისი, 2003.
  1. 1.0 1.1 1.2 საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია; გვ. 159; დილა, თბილისი, 2006.
  2. ტყავი ცილისგან შედგება, ფორმალინის ხსნარით ცილა მაგრდება და აღარ ლპება
  3. 3.0 3.1 ქიმიის სახელმძხვანელო:9 კლასი; თბილისი, 2003.
  4. 4.0 4.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 1, გვერდი 285-286, თბილისი, 1975 წელი.