აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმი

აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმისაქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი, მდებარე დ. აღმაშენებლის პრ. 3.

შენობა, სადაც განთავსებულია ა. ვასაძის სახლ-მუზეუმი (დავით აღმაშენებლის გამზირი 3)

გაიხსნა 1988 წლის 14 იანვარს ბინაში, სადაც აკაკი ვასაძე ცხოვრობდა 1936 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. ექსპოზიცია მოთავსებულია ორ ოთახში. პირველში წარმოდგენილია ვასაძის როგორც მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატორის შემოქმედების ამსახველი მასალები: აფიშები, ფოტოები, თეატრის მაკეტები, იაგოსა და პასტორ მანდერსის კოსტიუმები; თეატრალური რეკვიზიტები სხვადასხვა სპექტაკლიდან: ჩიშმაკოვის გიტარა (კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “მზის დაბნელება საქართველოში”), ახმას ფანდური (ა. ახმეტელისა და ვასაძის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “ანზორი”), ლირის ხმალი (გ. ლორთქიფანიძისა და ვ-ის მიერ დადგმული სპექტაკლიდან “მეფე ლირი”), ძველებური დაირა, თეატრალური ნიღბები და სხვ. აქვეა ტ. ტაბიძისა და ი. გრიშაშვილის ლექსები, მიძღვნილი ვასაძისადმი; ე. ნემიროვიჩ-დანჩენკოს, გ. რობაქიძის, დრამატურგ ვ. სოლოვიოვის, კრიტიკოს ი. ალტმანის, ამერიკელი რეჟისორის რ. პორტერის გამონათქვამები ვასაძეზე, როგორც მსახიობსა და რეჟისორზე. ვიტრინებში გამოფენილია ვასაძის ხელით გადაწერილი როლები თავის ჩანახატებიანად; თეატრ. პროგრამები: ვასაძის “მოგონებები, ფიქრები” (2 ტ.) და “ჩემი სამსახიობო გზა”; წიგნები ვასაძეზე; მნიშვნელოვანი წერილები და დეპეშები; საქართველოსა და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემიების დიპლომები, მთავრობის სხვადასხვა ჯილდო (ორდენები, მედლები), აგრეთვე პირადი ნივთები. მეორე ოთახს შენარჩუნებული აქვს ვასაძის სამუშაო-მისაღები ოთახის სახე. აქ დგას მისი საწერი მაგიდა თავისი სავარძლით, როიალი, რბილი ავეჯი. კედლებზე განლაგებულია ვასაძის ბავშვობის, გიმნაზიის წლების, ახალგაზრდობის ამსახველი ფოტოები, აქვეა მისი ოჯახის წევრების პორტრეტები. ერთი კედელი დათმობილი აქვს რუსთაველის თეატრის 20-იანი წლების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტოებს, რომლებშიც არიან კ. მარჯანიშვილი, ვ. აბაშიძე, ნ. გოცირიძე, შ. დადიანი და ქართ. თეატრისა და კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. ამავე ოთახშია გამოფენილი ვასაძის საზ. ცხოვრების ამსახველი ფოტოები, სადაც მასთან ერთად არიან გამოჩენილი რეჟისორები და მწერლები: ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ა. კოონენი, ა. ტაიროვი, ა. ტოლსტოი, ა. კორნეიჩუკი და სხვ. (სულ გამოფენილია 172 ფოტოსურათი). გამოფენილია აგრეთვე ვ-ის მიერ აკვარელით და ფანქრით შესრულებული ნახატები: იმერეთის ორი პეიზაჟი, მეუღლისა და შვილიშვილის პორტრეტები. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ლ. გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარი ფერწერული ტილო “წყურვილი”, ი. ნიკოლაძის ნაჩუქარი შოთა რუსთაველის ბარელიეფი (ბრინჯაო), უ. ჯაფარიძის ნახატი “ა. ვასაძე ერეკლე II-ის როლში” (სპექტაკლიდან “კრწანისის გმირები”), კრიტოვის ნახატი “ა. ვასაძე ნოვიკოვის როლში” (სპექტაკლიდან “ლიანდაგები გუგუნებენ”), ნაჭყებიას ნახატი “ა. ვასაძე – პეპია”, ე. შუხაევის მიერ შესრულებული ვასაძის პორტრეტი. ექსპოზიციაში აგრეთვე წარმოდგენილია სხვადასხვა მემორიალური ნივთი თავისი წარწერებით. სახლ-მუზეუმში ინახება ვასაძის ბიბლიოთეკა და პირადი არქივი. მუზეუმის შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდროების უძრავი ძეგლის სტატუსი[1].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წ. 3/181 ბრძანება