აინუნგი
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“ (გერმ. Assoziation der Deutschen Georgiens „Einung“, „აინუნგი“ ნიშნავს ერთობას) — საქართველოში მცხოვრებ გერმანელთა და გერმანული წარმომავლობის მქონე ხალხის გაერთიანება, რომელიც 1991 წლის აგვისტოში დაარსდა. აინუნგის მიზანს საქართველოში გერმანული კულტურის აღორძინება და ნაციონალური, კულტურული და რელიგიური ტრადიციების მოვლა-შენარჩუნება წარმოადგენს. ასოციაციის ცენტრია „შეხვედრების სახლი“, რომელშიც გერმანელთა სათვისტომოს წევრები იკრიბებიან.
სამშობლოდან გადმოსახლებული გერმანელები საქართველოში XVIII საუკუნიდან ცხოვრობენ; XVIII-XIX საუკუნეებში მათ თბილისისა და სოხუმის მახლობლად რამდენიმე გერმანული დასახლება, ე. წ. „კოლონიები“ დააარსეს. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოდან ყაზახეთსა და ციმბირში გაასახლეს; ასოციაცია აინუნგი სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა გერმანელებმა დააარსეს 1991 წელს.
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში აინუნგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გერმანული სათვისტომოს მოხუცი წევრების მოვლაში. ასოციაციის ხელშეწყობით თბილისში აშენდა შერიგების ლუთერანული ეკლესია, სადაც საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული სათვისტომოს გერმანულენოვანი ღვთისმსახურება ტარდება.