ავსტრალიის კლიმატი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავსტრალიის კონტინენტი იმავე კლიმატურ სარტყელშია, რომელშიც სამხრეთი აფრიკა, მაგრამ აქ ჰაერის ტემპერატურა უფრო მაღალია და ნალექები უფრო მცირე მოდის. განსხვავება გამოწვეულია კონტინენტის დიდი განფენილობით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რის შედეგადაც კონტინენტური ჰაერის მასები ყალიბდება. გარდა ამისა, გავლენას ახდენს რელიეფიც. აქ ზედაპირის სიმაღლე, სამხრეთ აფრიკისთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ავსტრალიის კლიმატური რუკა.
  ეკვატორული
  ტროპიკული
  სუბტროპიკული
  უდაბნოები
  სათიბ-საძოვარი
  ზომიერი

კონტინენტის სივრცითი ორიენტირები უჩვეულოა ჩრდილოეთი ნახევარსფეროს მცხოვრებლებისთვის. ავსტრალიელები ვერ ხედავენ დიდი დათვის თანავარსკლავედს. ჩრდილოეთი მათთვის ზღვის ცხელი პლაჟებია,სადაც ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +25-30 გრადუსს აღწევს. აქ ზაფხული დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, ზამთარი - ივნისიდან აგვისტომდეა, გაზაფხული კი სექტემბერში დგება.

ჩრდილოეთი ავსტრალია სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია, სადაც ზაფხულობით ეკვატორულ ტენიან ჰაერის მასებს უხვი ნალექი მოაქვს. ზამთრობით აქ ძირითადად ტროპიკული მშრალია ჰაერის მასებია, რის გამოც ნალექები მკვეთრად მცირდება. კონტინენტის ძირითადი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია, რომლის აღმოსავლეთ პერიფერიაზე გამოიყოფა ტენიანი (მუსონურ-პასატური), ხოლო დასავლეთით და ცენტრალურ ნაწილში მშრალი ჰავის ოლქები. დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთი კალთები მთელი წლის განმავლობაში წყნარი ოკეანედან მოსული ზღვიური ჰაერის მასების გავლენის ქვეშაა. ამიტომ მთის კალთებზე ნალექები უხვად მოდის, ვაკის შიდა რაიონებში კი, მშრალი პასატების გავლენით წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობა ძალზედ მცირეა (200 მმ). სამხრეთ-აღმოსავლეთში არის - ტენიანი სუბტროპიკული ჰავა. კუნძული ტასმანია მოქცეულია ზომიერ სარტყელში, აქ ზღვიური ჰავაა.

გეოგრაფიული სარტყელები

რედაქტირება

ავსტრალიაში ვაკე რელიეფის გაბატონების და სანაპირო ხაზის სუსტი დანაწევრების შედეგად ნათლად არის გამოხატული ჰორიზონტალური ზონალურობა. ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, დიდი ტერიტორიები უდაბნოებს და სავანეებს უკავიათ.

ავსტრალია სამ გეოგრაფიულ სარტყელში მდებარეობს: სუბეკვატორულში, სადაც პერიფერიულ ნაწილში ცვალებადტენიანი ტყეებია განთავსებული, მათ სამხრეთით ნათელი ტყეები და სავანები ცვლის; ტროპიკულ სარტყელში, რომელშიც კონტინენტის დიდი ნაწილია მოქცეული და უმეტესად ნახევარუდაბნოები და უდაბნოებია გავრცელებული. აქ დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთებზე განვითარებულია ტროპიკული ტყეები, რომლებიც დღეისთვის ძლიერ სახეშეცვლილია. დასავლეთ კალთებზე კი ტროპიკული ნათელი ტყეები და სავანებია განვითარებული. სუბტროპიკულ სარტყელში, დასავლეთით , ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტია, აღმოსავლეთით ტენიანი სუბტროპიკებია, მათ შორის კი სუბტროპიკული ნახევარუდაბნოები და უდაბნოები. რადგან კუნძული ტასმანია ზომიერ სარტყელში მდებარეობს, აქ ძირითადად გავრცელებულია შერეული ტყეები.

სიმაღლობრივი სარტყლურობა ყველაზე ნათლად გამოხატულია დიდი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ნაწილში (ავსტრალიის ალპებში).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება