ავკვეთის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ავკვეთის სამხრეთით, ტყიან მთის ფერდობზე. თარიღდება XI–XII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგებია თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილები; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.

ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთ ნაწილი - ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში - მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული აფსიდით. მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭიდან შეიძლებოდა.

ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთ კედლის ცენტრში, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. საკურთხევლის წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული კანკელი (დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შელესილობისა და კედლის მხატვრობის კვალი. აფსიდში ერთი, ხილო სამხრეთ კედელში კი ორი სარკმლის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ფასადების ცენტრში შემორჩენილია შვერილი თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეებიანი კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდელი შეკეთების კვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება