ავგუსტუსების ისტორია

„ავგუსტუსების ისტორია“ (ლათ. Historia Augusta) — პირობითი სახელწოდება კრებულისა, რომელიც მოიცავს რომის იმპერატორების (ავგუსტუსების) ცხოვრებათა აღწერილობებს ადრიანედან ნუმერიანუსამდე (117-284 წლები).

Historia Augusta, 1698 წლის გამოცემის გარეკანი (ეტალის სააბატო, გერმანია)

კრებული რომის იმპერიის ისტორიის მნიშვნელოვანი პირველწყაროა. ჩვენამდე მოღწეულია არასრული სახით (აკლია 244-259 წლების მოვლენების აღწერილობა). სახელწოდება „ავგუსტუსების ისტორია“ 1603 წელს შემოიღო ანტიკურობის მკვლევარმა ისააკ კაზობონმა. კრებულის თავდაპირველი სახელწოდება უცნობია, ავტორების ვინაობისა და შედგენის თარიღის საკითხები კი გადაუჭრელია. თავად თხზულების ხელნაწერიდან ცნობილია 6 ავტორის სახელი (ელიუს სპარტიანუსი, იულიუს კაპიტოლინუსი, ვულკაკიუს გალიკანუსი, ელიუს ლამპრიდიუსი, ტრებელიუს პოლიო, ფლავიუს ვოპისკუს სირაკუზანუსი), თუმცა ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი „ავგუსტუსების ისტორიის“ შემოქმედად ერთ, IV საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებ მემატიანეს მიიჩნევს.

„ავგუსტუსების ისტორია“ შეგნებულად წარმართული თვალთახედვითაა დაწერილი (შესაძლოა ქრისტიანობისგან განდგომილი იმპერატორის იულიანეს გავლენით). კრებულის პირველი ნაწილი, რომელიც ეძღვნება კეისართა ცხოვრებას ადრიანედან კარაკალამდე, სანდო ისტორიულ მონაცემებს შეიცავს, მომდევნო ნაწილებში კი მრავლადაა ყალბი და ზოგჯერ ანეკდოტური ცნობებიც.

საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ელიუს სპარტიანუსის ის ცნობები, რომლებიც ეხება ადრიანესა და იბერიის მეფე ფარსმან II-ის ურთიერთობას. თხზულებაში მოთხრობილია, რომ ფარსმანმა „ქედმაღლურად უარი თქვა მიპატიჟებაზე“, როდესაც ადრიანემ მცირე აზიაში მოგზაურობისას თავისთან მიიწვია ვასალური და მოკავშირე სახელმწიფოთა ხელისუფალნი. მიუხედავად არაერთგზის მიწვევისა და ძვირფასი საჩუქრებისა, ფარსმანი არც რომში ჩასულა ადრიანესთან. საჩუქრების გარდა, იმპერატორს მისთვის ორმოცდაათი კაცისაგან შემდგარი კოჰორტაც უბოძებია; ფარსმანს საპასუხოდ იმპერატორისათვის გაუგზავნია ძღვენი, რომელშიც ოქრომკედით ნაქარგი მოსასხამებიც ყოფილა, ადრიანეს კი ცირკის არენაზე გამოუშვია ამ მოსასხამებში გამოწყობილი სამასი ბოროტმოქმედი. ასე გადაუხდია სამაგიერო ფარსმანისათვის იმპერატორს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Marshall, Peter K (1983). "Scriptores Historiae Augustae". In Reynolds, Leighton Durham (ed.). Texts and Transmission: A Survey of the Latin Classics. Clarendon Press.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება