ადმირალი კუზნეცოვი
„საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი კუზნეცოვი“, შემოკლ. „ადმირალი კუზნეცოვი“ (რუს. «Адмирал Флота Советского Союза Кузнецов») — მძიმე ავიამზიდი კრეისერი, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უდიდესი ხომალდი და მისი პირველი ავიამზიდი, რომელსაც შეუძლია ჰორიზონტალური აფრენისა და დაშვების თვითმფრინავების გადაზიდვა. სახელი ეწოდება ადმირალ ნიკოლოზ კუზნეცოვის პატივსაცემად. აიგო 1982–1990 წლებში (წყალში ჩაეშვა 1985 წლის 6 დეკემბერს) მიკოლაივის (ნიკოლაევის) გემთმშენებელ ქარხანაში, ვ. ანიკეევისა და ლ. ბელოვის (ნევის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო) პროექტის მიხედვით. 1982 წელს უწოდეს „რიგა“, ამავე წელს შეუცვალეს სახელით „ლეონიდ ბრეჟნევი“, 1987–1990 წლებში ეწოდებოდა „თბილისი“. 1991 წლის იანვარში სსრკ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა. სრული წყალწყვა 55 ათასი ტონაა. ძალური დანადგარების ჯამური სიმძლავრე — 147 მვტ (200 ათასი ცხენის ძალა). სვლის მაქსიმალური სიჩქარე — 30 კვანძი (55,6 კმ/სთ), ეკონომიური — 18 კვანძი (33,3 კმ/სთ). ცურვის მანძილი — დაახლ. 8 ათასი საზღვაო მილი.[1]
შეიარაღებულია „გრანიტის“ ტიპის გემსაწინააღმდეგო რაკეტებით (დაახლ. 550 კმ მანძილზე მოქმედი 12 ზებგერითი რაკეტა), საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, ახლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსით, რეაქტიული სიღრმული ბომბებით. შეუძლია დაახლ. 50 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის გადაზიდვა. კრეისერის ავიაჯგუფი თავდაპირველად შედგებოდა სუ-27კ და მიგ-29კ გამანადგურებლებისგან და კა-27 და კა-31 შვეულმფრენებისგან; 1990-იანი წლების ბოლოს — სუ-33 გამანადგურებლების, სუ-25 მოიერიშეების, კა-27 და კა-31 შვეულმფრენებისგან. ხომალდის მშენებლობის პარალელურად მფრინავთა მოსამზადებლად ყირიმში ნოვოფედორივკის აეროდრომზე გაიხსნა სპეციალური სასწავლო ცენტრი. სსრკ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ისტორიაში გემზე პირველი ჰორიზონტალური დაშვება 1989 წლის 1 ნოემბერს განახორციელა მფრინავ-გამომცდელმა ვიქტორ პუგაჩოვმა სუ-27კ თვითმფრინავით.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Адмирал Флота Советского Союза Кузнецов // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 237–238.