ადელაიდა დე ლუვენი

ადელაიდა დე ლუვენი (ფრანგ. Adélaïde de Louvain), აგრეთვე ცნობილია როგორც ადელიზა დე ლუვენი (ინგლ. Adeliza de Louvain) და ადელა (ინგლ. Adela; დ. 1103 — გ. 23 აპრილი, 1151) — ინგლისის დედოფალი 1121-1135 წლებში როგორც მეფე ჰენრი I-ის მეორე ცოლი. გრაფ გოდფრუა I ლუვენელის ქალიშვილი. ინგლისის დედოფალ მატილდას დედინაცვალი.

ადელაიდა დე ლუვენი
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 30 იანვარი, 1121
მმართ. დასაწყისი: 24 იანვარი, 1121
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1135
წინამორბედი: მატილდა შოტლანდიელი
მემკვიდრე: მატილდა I ბულონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1103
გარდ. თარიღი: 23 აპრილი, 1151, (47-48 წლის)
მეუღლე: ჰენრი I, ინგლისის მეფე
(ქ. 1121 - გარდ. 1135)
უილიამი, არუნდელის ერლი
(ქ. 1138)
შვილები: უილიამი, არუნდელის ერლი
დინასტია: რეგინარები
მამა: გოდფრუა I, ლუვენის გრაფი
დედა: იდა ნემურელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადელაიდა დაიბადა 1103 წელს ლუვენში, ბრაბანტის საჰერცოგოში, თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე. იგი იყო ფრანგი დიდებულის, ლუვენის გრაფ გოდფრუა I-ისა და მისი მეუღლის, იდა ნემურელის ქალიშვილი.

1121 წლის 24 იანვარს, სილამაზით ცნობილი ადელაიდა უესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი I-ზე. მეფე ამ დროს უკვე დაქვრივებული იყო, რადგანაც მისი მეუღლე, დედოფალი მატილდა შოტლანდიელი 1118 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისგან მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა და ვაჟის გასაჩენად მეორედ იქორწინა. რეალურად, ადელაიდას მთავარ მოვალეობას ვაჟის გაჩენა წარმოადგენდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მეფე ჰენრის დედოფალ მატილდასგან ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც 1120 წელს უშვილოდ დაიღუპა. მისი და ადელაიდას 13 წლიანი ქორწინებიდან ბავშვი არ დაბადებულა. მეფე 1135 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა საფრანგეთში, ქალაქ რუანის მახლობლად.

ჰენრის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა დისწულმა სტეფან ბლუელმა დაიკავა, დაქვრივებული ადელაიდა კი სამეფო კარს გაეცალა. იგი ლონდონიდან შორს, სალისბურის სააბატოში გადასახლდა, რა დროსაც იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი იყო. 1139 წელს, ადელაიდა მეორედ დაქორწინდა არუნდელის ერლ უილიამ დ'ობინიზე. ბედის ირონიით, ადელაიდას სწორედ მასთან შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის მომავალი ერლიც. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ადელაიდას შთამომავლები იყვნენ ინგლისის ორი დედოფალი: ანა ბოლეინი და კათრინ ჰოვარდი, რომლებმაც მეტად ტრაგიკულად დაასრულეს ცხოვრება.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ადელაიდამ დატოვა ინგლისი და მშობლიურ ბრაბანტში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1151 წელს, 48 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nolan, Kathleen. Capetian Women. New York: Palgrave Macmillan, 2003.
  • O’Donnell, Thomas, Matthew Townend, and Elizabeth M. Tyler. "European literature and eleventh-century England", The Cambridge History of Early Medieval English Literature. 1st ed. Cambridge: Cambridge University Press, 2012. 607–636.Cambridge Histories Online. doi:10.1017/CHO9781139035637.028.
  • Strickland, Agnes. Lives of the Queens of England: From the Norman Conquest. N.p., 1840–1848. 7 Dec. 2013.