აგნოზია
აგნოზია (ძვ. ბერძნ. ἀ [a] — „უარყოფითი ნაწილაკი“ და γνῶσις — „შემეცნება“, „ცოდნა“) — საგანთა პირთა და მოვლენათა ცნობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, რომლის დროსაც ცნობიერება შენარჩუნებულია, ხოლო ელემენტარული მგრძნობელობა შეიძლება უმნიშვნელოდ იყოს დაქვეითებული. იწვევს თავის ტვინის ქერქის მარცხენა (ცაციებისათვის მარჯვენა) ჰემისფეროს ორგანოს დაზიანება. განარჩევენ აგნოზიის სახეობათა ორ ჯგუფს: აგნოზია გარე გამღიზიანებლისა და აგნოზია საკუთარი სხეულის მიმართ.
პირველ ჯგუფში შედის:
- მხედველობითი ანუ ოპტიკური აგნოზია — ავადმყოფი ვერ ცნობს საგანს, თუმცა ხედავს მას, არჩევს მის ფორმასა და ფერს. ზოგჯერ ცნობს ცალკეულ საგანს, მაგრამ ვერ განსაზღვრავს მის დანიშნულებას (აპერცეფციული აგნოზია). ვერ ახერხებს სურათების სერიაზე ასახული მოვლენების თანამიმდევრულად აღქმას (სიმულტანური აგნოზია). კარგავს ორიენტაციას სივრცეში, ვერ არჩევს მარჯვენა და მარცხენა მხარეებს, ვერ ერკვევა ნაცნობ სიტუაციაში, ებნევა გზა (აპრაქტოგნოზია) და ა. შ.
- სმენითი ანუ აკუსტიკური აგნოზია — ავადმყოფი ვერ არჩევს საგნებს ხმაურის (საათს — წიკწიკის, წყალს — ჩხრიალის და სხვა) მიხედვით. ვერ ცნობს ნაცნობ მელოდიას (ამუზია).
- ტაქტილური ანუ შეხებითი აგნოზია — ავადმყოფი ვერ ცნობს საგნებს შეხებით (ასტერეოზია).
მეორე ჯგუფში შედის:
- ავტო პოგნოზია — ავადმყოფი ვერ ცნობს საკუთარი სხეულის ნაწილებს.
- პოლიმელია — ავადმყოფს ეჩვენება, რომ აქვს რამდენიმე ხელი ან ფეხი, ამავე დროს ესმის თავისი შეგრძნების სრული უაზრობა.
- ფანტომური შეგრძნება — ტკივილი მოკვეთილი კიდურისა. ბავშვობის ასაკში აგნოზიით გამოწვეული დეფექტების კომპენსაცია შეიძლება სწავლების საგანგებო ხერხების გამოყენებით სპეციალურ სკოლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ვ., ბჟალავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 60.